18 ნოემბერი 2024,   05:23
ვრცლად
"შეიძლება გათენება მოგვიწიოს აქ" - ადვოკატის თქმით, აქციაზე დაკავებულების პროცესებს განზრახ აჭიანურებენ

საქალაქო სასამართლოში, უკვე რამდენიმე საათია აქციის დაშლის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესები იმართება. ამ დრომდე, რამდენიმე პროცესი გადაიდო, მათ შორის მოძრაობა "სირცხვილიას" წევრის ზუკა ბერძენიშვილის, ადვოკატ ბექა ბასილაიას და კიდევ ოთხი პირის სასამართლო პროცესი.

მიზეზი მოსამართლის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც მტკიცებულებების უკეთ გაცნობის მიზნით, სხდომის რამდენიმე საათით გადადების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა სხდომათა დარბაზში.

საქალაქო სასამართლოში მისული დაკავებულების მხარდამჭერები ამბობენ, რომ სხდომის გადადების მიზანი რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ საპროტესტო აქციისთვის ხელის შეშლაა. 

"რაც ახლა ხდება სასამართლოში, არის სრული ქაოსი. ასეთი რამ მე არ მინახავს, იმიტომ რომ 37 ადამიანი, უკვე 24 საათია გასული, უჭმელი, უსმელია და არ არსებობს გონივრული მოლოდინი იმისა, როდის შეიძლება დამთავრდეს ამ ადამიანების პროცესი. ამ ფონზე, მოსამართლე ამბობს, რომ მისთვის მთავარია, რომ დღეს დაასრულოს სასამართლო სხდომის განხილვები, თუმდაც შეიძლება გათენება მოგვიწიოს აქ და ის არ იყენებს იმ შესაძლებლობას, რომ გამოუშვას და გადადოს სხვა დროისთვის" - აცხადებს ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი

სასამართლოს მოუმზადებულობაზე საუბრობს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი, დავით ბერძენიშვილი, რომლის შვილის პროცესიც გადაიდო რამდენიმე საათით. 

"არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რამენაირად მომზადებულია სასამართლო. მოკითხეს, რა მტკიცებულებებს ელოდებითო, რაღაც ჩანაწერებსო. ახლა უნდა შეაკოწიწონ რაღაც ჩანაწერები,"- აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

სამოქალაქო აქტივისტი, ნოდარ რუხაძე აცხადებს, რომ 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია მაინც გაიმართება და ამ დაკავებებით, ბიძინა ივანიშვილი მათ პროტესტს ხელს ვერ შეუშლის.

"ერთადერთი მიზანი არის ეს, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ ჩვენ პროტესტს რამენაირი ფორმით, რამენაირი ზეწოლით შეაჩერებს. მაგრამ ჩვენ 7 საათზე პარლამენტთან მაინც ვიქნებით და ველოდებით ჩვენს მეგობრებს, რომლებიც მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ დღეს იქნებიან თავისუფალნი," - აცხადებს ნოდარ რუხაძე.

სულ გუშინ, 37 ადამიანი დააკავეს, მათ შორის პოლიტიკური პარტიების წევრები და აქციის ორგანიზატორები. სამართლდამცავები დაკავებულებს პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავებიან. სასამართლოს შენობასთან დილიდან იმყოფებიან დაკავებულების ოჯახის წევრები და მხარდამჭერები.

დღის ამბები