"საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა, შეაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ 24 საათის რეჟიმში," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროცესის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია შესაბამისი სტანდარტით უნდა განხორციელდეს.
"ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც აუცილებელია ასეთ მძიმე სიტუაციაში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესის სპეციფიურობიდან გამომდინარე ინფორმაციის გავრცელების შესაბამისი სტანდარტები. პირველ რიგში კი, ბატონი ვაჟას და მისი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.