გალის რაიონში ქართული ენის სწავლების აკრძალვასთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმის მუქარას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მცირე კომენტარით გამოეხმაურა.
რუსლან აბაშიძეს ოკუპირებული გალის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის თემურ ნადარაიას განცხადებების შინაარსზე ვრცელი კომენტარი არ სურს, თუმცა დასძენს, რომ საკითხს ქართული მხარე სხვადასხვა, მათ შორის, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში დააყენებს.
"კურიერის" კითხვაზე, არის თუ არა საფრთხის შემცველი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადება, აბაშიძემ გვიპასუხა, რომ საფრთხის შემცველია არა ერთი განცხადება, არამედ მთელი პროცესი.
შეგახსენებთ, ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ ოკუპირებული აფხაზეთიდან სტუდენტების თბილისში სწავლის სურვილზე საუბრისას აღნიშნა, რომ ასეთი მოქალაქეები, აფხაზეთში ცხოვრების უფლებას დაკარგავენ და იქ დასაბრუნებლად "ვიზა " დასჭირდებათ. ქართული ენის სწავლება კი ოკუპირებულ რეგიონში აიკრძალება.