21 დეკემბერი 2024,   21:17
ვრცლად
ივანიშვილის წუხილები და კრიტიკის სამიზნეები - შეფასებები "ქართული ოცნების" ლიდერის 2 საათიან ინტერვიუზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წუხს, რომ დაპირება ვერ შესრულდა, თუმცა ფიქრობს, რომ არაფერია დრამატული იმაში, თუ მმართველმა გუნდმა უარი თქვა საკუთარი პირობის შესრულებაზე და არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდება.

ივანიშვილი ამბობს, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის იდეა მხოლოდ კეთილი ნება იყო. პირობის შეუსრულებლობის გამო საპროტესტო აქციებზე გამოსული ოპოზიციის კი არ ესმის და თვლის, რომ ქუჩაში დღეს პოლიტიკურად გაკოტრებული პარტიები დგანან.

ოპონენტებმა ბიძინა ივანიშვილს დილიდანვე უპასუხეს. ოპოზიცია ამბობს, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ტყუილად ცდილობს აქციებზე გამოსული საზოგადოების ერთი კონკრეტული პარტიის წევრებად შერაცხვას.

ბიძინა ივანიშვილის პოზიციას იზიარებენ მმართველი პარტიის სხვა ლიდერებიც და ფიქრობენ, რომ არაფერია საგანგაშო იმ საარჩევნო სისტემაში, რაც დღეს მოქმედებს. ოპოზიციის აქციების ფონზე მმართველი პარტია უკვე ითვლის სავარაუდო პროცენტებს, რომელსაც "ქართული ოცნება" არჩევნებში აიღებს და ფიქრობენ, რომ მათი მხარდაჭერა 50%-ზე მეტი იქნება.

არასაპარლამენტო ოპოზიციის და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი ფიქრობს, რომ ივანიშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთს აძლიერებენ და რეალურად ქართულ პოლიტიკაში ორივე პარტიის ალტერნატივა არსებობს.

ოპოზიციის გარდა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მწვავედ გააკრიტიკა არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ ნაწილს უშუალოდ "ნაციონალური მოძრაობის" დაფუძნებული უწოდა.

იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საუბარს არ ერიდებიან, ივანიშვილის კრიტიკა არ უკვირთ და ამბობენ, რომ ეს არის ერთგვარი მცდელობა, ყველა პრობლემაზე პასუხისმგებლობა კონკრეტულ პარტიას ან სამოქალაქო საზოგადოებას დაეკისროს.

კიდევ ერთი კრიტიკა იმ ქართულმა კომპანიებმა დაიმსახურეს, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის კვლევისთვის  NDI-სა და IRI​-ის მომსახურებას უწევენ. ივანიშვილი ამბობს, რომ კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც რესპონდენტებთან ურთიერთობენ და მათ აზრს იკვლევენ, უშუალოდ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ არის დაფუძნებული. ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ამის შესახებ ღია წერილით ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და კონგრესსაც მიმართოს.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადება არასერიოზულად აღიქვეს "ნაციონალურ მოძრაობაში" და არასამთავრობო სექტორის ნაწილში.

ვრცელ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა აქცენტი გააკეთა მმართველი ძალის საგარეო ორიენტაციაზე და თქვა, რომ კითხვები ამ მიმართულებით "ქართულ ოცნებასთან" პარტნიორ ქვეყნებს არ აქვთ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ინტერვიუ ერთ-ერთ ტელეარხზე თითქმის 2 საათს გაგრძელდა. ივანიშვილმა ბევრ სხვა საკითხზეც ისაუბრა, თუმცა ძირითადი ნაწილი ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებსა და უმრავლესობის მხრიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებაზე საუბარს დაუთმო.

ავტორი: ქეთი ზანთარაია

დღის ამბები