18 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
აბაშიძე ამბობს, რომ კარასინმა თბილისში, რუსეთის სავიზო ცენტრში, რუსული ენის კომერციული კურსების გახსნაზე ისაუბრა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინის განცხადების თაობაზე, რითაც მან თბილისში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის გახსნა დააანონსა, განმარტებას აკეთებს.

როგორც ზურაბ აბაშიძემ "რუსთავი2"-ს განუცხადა, კარასინმა  შეხვედრაზე  არა რუსული ენის  და კულტურის ცენტრის გახსნაზე, არამედ, რუსეთის სავიზო ცენტრში, რუსული ენის კომერციული კურსების გახსნაზე ისაუბრა.

"ჩვენ შეხვედრაზე მე მოვისმინე მოკლე კომენტარი იმის თაობაზე, რომ რუსეთის სავიზო ცენტრი თბილისში, რომელიც წარმოადგენს კომერციულ სტრუქტურას და ბოლო ორი წლის განმავლობაში გასცემს ვიზებს რუსეთში გასამგზავრებლად, აპირებს გახსნას ასევე კომერციულ საწყისებზე რუსული ენის კურსები. მე საპასუხოდ გავაკეთე მოკლე კომენტარი, რომ არ მქონდა ამის შესახებ ინფორმაცია, დავბრუნდები თბილისში და მოვიკითხავ, რაზეა საუბარი. ასეთი მოკლე კომენტარები გაკეთდა ამის შესახებ,"- განმარტა ზურაბ აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძემ, ასევე, დაადასტურა რუსეთის საგარეო უწყების გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კარასინმა აბაშიძეს მოუწოდა, ქართულმა მხარემ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში თავმჯდომარეობა გამოიყენოს რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთქმედების გასავითარებლად.

"ბატონმა კარასინმა გამოთქვა იმედი, რომ ჩვენი თავმჯდომარეობა ამ კომიტეტში ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრობლემების მოგვარებას, მისი მხრიდან იყო გამოთქმული ასეთი სურვილი და მოლოდინი,"- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძის თქმით, მან ოკუპირებული ცხინვალის მიერ უკანონოდ დატყვევებულ ქართველ ექიმზე, ვაჟა გაფრინდშვილზე კარასინს საკმაოდ ვრცლად ესაუბრა. 

"ვაჟა გაფრინდაშვილზე ვისაუბრეთ. მე დასაწყისშიც ვისაუბრე, ამით დავიწყეთ საუბარი, საკმაოდ ვრცლად ვისაუბრე ამის შესახებ. შემდგომ მან გააკეთა საპასუხო კომენტარი და აღნიშნა, რომ მას აქვს მოლოდინი და იმედი, რომ ბატონი ვაჟა უმოკლეს დროში გათავისუფლდება,"- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები