22 დეკემბერი 2024,   10:30
ვრცლად
ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებაზე პასუხისმგებელი რუსეთის ფედერაციაა - როჯერ გეილი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ საქმის კურსში არიან. უცხოელი დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ექიმის ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ყოფნა საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა და პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. 

ბრიტანელი დეპუტატის როჯერ გეილის განცხადებით, ეს ყველაფერი შორსაა იმ ნაკისრი პასუხისმგებლობებისგან, რაც რუსეთმა საკუთარ თავზე აიღო მას შემდეგ, რაც მას ევროსაბჭოში ხმის უფლება აღუდგინეს.

"არცერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება სხვა სახელმწიფოს ტერიტორიები მიიტაცოს, ეს არასწორია და ასე არ უნდა ხდებოდეს. საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული. ეს ყველაფერი შორსაა იმისგან, რისი ვალდებულებების შესრულების პირობაც რუსეთმა ევროსაბჭოში დაბრუნებით დადო.

რაც შეეხება ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს, მჯერა რომ ადამიანობამ და სიცოცხლის გადარჩენამ უნდა მოიპოვოს უპირატესობა ყველგან და ყოველთვის. იმ ექიმის დაკავება, რომელსაც სამედიცინო დახმარების გაწევა სურდა, არის ყოვლად მიუღებელი ნებისმიერი ცივილური სახელმწიფოსთვის. ამ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია და ყველა მისი წარმომადგენელი სრულად, ცალკეულად და კოლექტიურად, სხვა სიტყვებით კი ინდივიდუალურად პასუხისმგებელია ამ ქმედებების გამო. ჩვენ ყველანი ვართ პასუხისმგებლები ჩვენს ქმედებებზე, გამყოფი ხაზი, რომელიც რუსეთმა საქართველოში გაავლო, უკანონობაა. მჯერა, რომ ამ ასამბლეის ყველა წევრმა უნდა აიღოს პირადი პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც არასწორად აკეთებენ," - განაცხადა როჯერ გეილმა.

რუმინელმა დეპუტატმა ტიტუს კორლატეანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმის ქმედება საერთაშორისო კანონს ეწინააღმდეგება.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვენერიტეტს, ექიმის დაკავება საერთაშორისო კანონს არღვევს, მისი ციხეში ჩასმის გამო ადამიანები სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ, ეს კი მიუღებელია. ვიმედოვნებ, მოლაპარაკებების შედეგად ექიმს გაათავისუფლებენ. ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონსს," - განაცხადა რუმინელმა დეპუტატმა ტიტუს კორლატეანმა.

 

დღის ამბები