"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, სასამართლოს დღეს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მელიას საპარლამენტო საქმიანობა ვადაზე ადრე შეუწყდება.
ადვოკატი აპირებს, რომ მეორე სასამართლო სხდომაზე, სადაც 20 ივნისის აქციის საქმე უნდა განიხილონ, სახალხო დამცველის სამართლებრივი რეკომენდაცია დააყენოს, რაც მელიასთვის შეზღუდვების მოხსნას გულისხმობს.
"კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტარისთვის გამამატყუნებელი განაჩენი წარმოადგენს მის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. სწორედ ამიტომ იყო მთელი ეს ფორსირებული პროცესი. ჩვენ ვამბობდით, რომ საქმე არის გამოყენებული გარკვეული მიზნით და დღეს მარტივად დადასტურდა. დღეს რამდენიმე წუთში მეორე სასამართლო პროცესზე უნდა იქნეს განხილული საქართველოს სახალხო დამცველის სამართლებრივი რეკომენდაცია და ნიკა მელიასთან დაკავშირებით უნდა შეწყდეს უკანონო შეზღუდვები. ამ განაჩენით ალბათ მოსამართლე იმსჯელებს, რომ აღარ არის საფუძველი.
ჯერჯერობით ნიკა მელიას სტატუსი აქვს, პარლამენტარის სტატუსის შეწყვეტა მოხდება მას შემდეგ, რაც ბიუროს შემდგომ პირველივე პლენარულ სხდომაზე იქნება განხილვა, ვინაიდან განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა გამოცხადების მომენტიდან. თუმცა ამ ეტაპზე ის არის პარლამენტის წევრი და მე დღეს დავაყენებ შუამდგომლობას, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციის თანახმად, მას მოეხსნას უკანონო შეზღუდვები. კერძოდ კი ელექტრონული მონიტორინგი," - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.