"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას საქმის პროკურორის, ელიზბარ გოზალიშვილის განმარტებით, მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერების გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს.
პროკურორისვე განცხადებით, საქმეზე გამოტანილი განაჩენის დასაბუთების გაცნობის შემდეგ, ბრალდების მხარე იმსჯელებს გასაჩივრდება თუ არა გადაწყვეტილება.
"მოცემულ საქმეზე ჩვენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებას ველოდებოდით. სასამართლომ ორივე ბრალდებულის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ზურაბ ადეშვილი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, რაც შეეხება ნიკა მელიას, ის დამნაშავედ ცნო თანამდებობრივ დანაშაულში. როდესაც გავეცნობით განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს, მივიღებთ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ თუ არა," - აღნიშნა პროკურორმა.
ნიკა მელიას "ბანკი ქართუს" გაკოტრების საქმეზე 25 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით მას 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.