იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გამოეხმაურა.
ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ეს გავლენას ვერ მოახდენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 20 კანდიდატის საკითხზე, რომელთაც პარლამენტმა უკვე მოუსმინა.
"იმ 20 კანდიდატზე, რომელიც უკვე პარლამენტს წარედგინა და იმ ერთზე, რომელიც უახლოეს დღეებში წარედგინება პარლამენტს, გავლენას ვერ მოახდენს, ვინაიდან საბჭომ თავისი პროცედურები უკვე დაასრულა და საკითხი დგას პარლამენტთან მიმართებაში, თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ის.
ამიტომ, დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, თუმცა, არ უნდა ველოდოთ, რომ ამ 20 ადამიანზე რაიმე ტიპის გავლენა შეიძლება იქონიოს ამ გადაწყვეტილებაზე, იმიტომ რომ ეს შეუძლებელია,"- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საკონსტიტუციო სასამართლოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი გაასაჩივრა.
ომბუდსმენმა ორი მთავარი არგუმენტი დაასახელა, - კანდიდატების შერჩევისას გადაწყვეტილების ფარულად და დასაბუთების გარეშე მიღების შესაძლებლობა და გასაჩივრების მექანიზმის არარსებობა.