18 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
ჯანდაცვის რეფორმა შესაცვლელია და სჭირდება განვითარება - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს დღეს სამუშაო შეხვედრაზე უმასპინძლა, შეხვედრაზე მთავრობის 520-ე დადგენილება განიხილეს.

გიორგი გახარიას განცხადებით, ჯანდაცვის რეფორმა შესაცვლელი და განსავითარებელია.

"ის პრინციპები, რითაც საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმამ დაიწყო ფუნქციონირება, ერთმნიშვნელოვნად შესაცვლელია და განვითარება სჭირდება, რომლის მთავარი ამოსავალი, მთავრობისთვის არის უპირველეს ყოვლისა მოქალაქე, პროგრამის ეფექტურობა და ამასთან ერთად დარგზე ზრუნვა, რამდენადაც დარგის საშუალებით ვზრუნავთ ჩვენს მოქალაქეზე," - განაცხადა გიორგი გახარიამ კლინიკების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრისას, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც ესწრებოდა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ჯანდაცვის რეფორმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, რომელიც არა მხოლოდ მთავრობის, არამედ დარგის და ერთობლივად ყველას რეფორმაა.

"შესაბამისად, ამ რეფორმის შედეგების და რეპუტაციის დაცვა და განვითარება ყველას ინტერესია. ის პრინციპები, რითაც ამ რეფორმამ დაიწყო ფუნქციონირება, ერთმნიშვნელოვნად შესაცვლელია და განვითარება სჭირდება. ეს არის ძალიან მარტივი და ლოგიკური პოზიცია. თუ არსებობს პრობლემები, მზად ვართ ამაზე სასაუბროდ.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობა, სხვანაირად მისი შემდგომი განვითარება შეუძლებელი იქნება. მაინტერესებს, რა არის ძირითადი პრობლემა თქვენი ხედვით, რისი გამოსწორებაა შესაძლებელი. მაინტერესებს ჯანდაცვის სისტემა და საყოველთაო ჯანდაცვა უახლოესი 3-5 წლის განმავლობაში, რადგან ეს სისტემური ცვლილებებია. ამ სისტემურმა ცვლილებებმა პირველ რიგში უნდა გაზარდოს ეფექტურობა და შედეგად - ხარისხი მომსახურებისა, რომელსაც ჩვენს რიგით მოქალაქეებს ვაწვდით. აქ რომ გარკვეული პრობლემები არსებობს, ვფიქრობ, ამაზეც შევთანხმდებით“, - მიმართა გიორგი გახარიამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.

შეხვედრას 30-მდე კლინიკის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

დღის ამბები