18 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
სასულიერო პირების ნარკოტესტირება აუცილებელია - მამა ილია ჭიღლაძე

ნარკოტიკზე დაკავებულ ბერ-მონაზონს საპატრიარქო არ უშუამდგომლებს -  სამეგრელოს ეპარქია კი, მხოლოდ ლოცვას გააძლიერებს.

ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულისთვის სასულიერო პირს ბრალი ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში რამდენიმე საათის წინ წაუყენეს.

ბერ-მონაზონი სვიმონ ქავთარაძე დანაშაულს აღიარებს , ის სამართალდამცავ უწყებას თავად ჩაბარდა. ბრალდების მხარე პატიმრობას მოითხოვს, დაცვის მხარე კი - არასაპატიმრო ღონისძიებას.

ადვოკატს იმედი აქვს, რომ სასულიერო პირს სასამართლოში საპატრიარქო უშუამდგომლებს,თუმცა საპატრიარქო შუამდგომლობაზე უარს ამბობს - დაკავებული ბერის შესახებ ოფიციალური განცხადება აღარ გაუკეთებიათ.

სასულიერო პირების ნაწილი სვიმონ ქავთარაძის ნარკოდანაშაულისთვის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მანჩესტერის სამრევლოს წინამძღვარი დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში იმასაც წერს, რომ მსგავსი დაკავებები სხვა დროსაც ყოფილა, რაც არ გახმაურებულა, ამიტომ აუცილებლად მიაჩნია სასულიერო პირების ნარკოტესტირება.

სასულიერო პირის ნარკოდანაშაულში მონაწილეობას შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი დღე უარყოფდა.

მას შემდეგ, რაც ბერ-მონაზონი სვიმონ ქავთარაძე პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა, ზუგდიდი-ცაიშის ეპარქიაში  სასულიერო პირები შეიკრიბნენ, თუმცა თავდებობის გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.

საგამოძიებო მოქმედებებისას ჩანთიდან 14,5 გრამი მეტადონი ამოიღეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბერს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები