23 აპრილი 2024,   21:21
ვრცლად
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმე - ადვოკატები და ოჯახის წევრები სასამართლო გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ

არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე ბრალდებულ 11 პირს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბავშვების მშობლები და პედაგოგი ბრალს არ აღიარებენ.

ბრალდების მხარის მტკიცებით კი, დაკავებულები არასრულწლოვან შვილებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღებას აიძულებდნენ. ბავშვების შერჩევაში ჩართული იყო სკოლის პედაგოგი.

დაკავებულთა ადვოკატების თქმით, მოსამართლემ უსაფუძვლო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან საქმის მასალებში არ არსებობს იმის პირდაპირი მტკიცებულება, რომ არასრულწლოვანთა მშობლები ამ საქმეში იყვნენ ჩართული. გადაწყვეტილებას უსამართლოდ თვლიან დაკავებულთა ოჯახის წევრებიც. მათი თქმით, მშობლების დაპატიმრებას ბავშვები ძალიან განიცდიან.

"ძალიან უსაფუძვლო და უსამართლოა, ბავშვები ნერვიულობენ, რომელი ფსიქოლოგი უშველით, უსამართლოდ რომ დაავლებ ხელს ადამიანს და წაიყვან," - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის და.

ადვოკატ ბონდო ვათიაშვილის თქმით, არც ერთი მტკიცებულება, რომ ბრალდებულებმა დანაშაული ჩაიდინეს, არ არსებობს. მისი შეფასებით, დაკავებულები არა დამნაშავეები, არამედ მსხვერპლები და დაზარალებულები არიან.

მტკიცებულებების არარსებობას უსვამს ხაზს კიდევ ერთი დაკავებულის უფლებადამცველი დავით ჭიკაიძეც.

პროკურორ მარიამ გოგორელიანის თქმით, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება იმ მოტივით გადაწყვიტა, რომ  მტკიცებულებების განადგურებისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე არსებობდა. ადვოკატებისგან განსხვავებით პროკურორი აცხადებს, რომ ბრალდების მხარეს აქვს მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ ყველა მშობელმა იცოდა, თუ რა სახის ფოტოსესია იყო და რა მიზნით გამოიყენებოდა ფოტოები შემდგომში.

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე უკვე 22 პირია დაკავებული. ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.

საქმეზე გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს. 

დაკავებულებს 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

დღის ამბები