საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა თამარ ჩუგოშვილმა "ქართული ოცნებიდან" ბოლო დროს წასული დეპუტატების - დიმიტრი ცქიტიშვილის, ირინა ფრუიძის, ნინო გოგუაძის და ზაზა ხუციშვილის სახელით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანდიდატთა მხოლოდ მცირე ნაწილი იმსახურებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას და მმართველი გუნდი კანდიდატთა უმრავლესობის დამტკიცებით, მთლიან პროცესს აყენებს ჩრდილს. ამასთან, უმრავლესობის ყოფილი წევრები შედეგზე პასუხისგებლობას მთლიანად მმართველ გუნდს აკისრებენ და, შესაბამისად, პარლამენტის დღევანდელ სხდომას ბოიკოტს უცხადებენ.
"გასული წლის დეკემბრიდან, პარლამენტმა რთული პროცესები გაიარა: უარი თქვა 2018 წლის დეკემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გაუმჭვირვალე და სათანადო პროცესის გარეშე წარმოდგენილი 10 კაციანი სიის განხილვაზე; მიიღო კანონები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მოსამართლეთა შერჩევის კონკურენტულ და გამჭვირვალე პროცესს; თვეების განმავლობაში, იურიდიულ კომიტეტში წარმართავდა კანდიდატურების ღია განხილვებს.
ამ პროცესებმა სრულიად საზოგადოებას ნათლად დაანახა, რომ საკმაოდ მცირეა იმ კანდიდატთა რაოდენობა, ვინც თავისი კვალიფიკაციით და კეთილსინდისიერებით იმსახურებს საქართველოს უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლის სტატუსს.
ამიტომ, მიგვაჩნია, რომ პარლამენტის მიერ კანდიდატთა უმრავლესობის დანიშვნა მთელ ამ პროცესს აყენებს ჩრდილს. მთავარი, რა თქმა უნდა, არის არა მრავალთვიანი განხილვები, არამედ შედეგი, რომელსაც საბოლოოდ მივიღებთ.
მართალია მიგვაჩნია, რომ რამდენიმე კანდიდატი იმსახურებს პარლამენტის მხარდაჭერას, სამწუხაროდ ცხადად ვხედავთ, საპარლამენტო უმრავლესობის განზრახვას დანიშნოს მოსამართლეთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, მათ შორის კანდიდატები, რომელთა წარსულ საქმიანობასთან თუ კომპეტენციასთან დაკავშირებით არსებობს სერიოზული კითხვები. ვინაიდან ეს მიდგომა არასწორად მიგვაჩნია, ვფიქრობთ, რომ შედეგზე პასუხისმგებლობა ერთპიროვნულად უნდა აიღოს მმართველმა გუნდმა და ის მარტო უნდა დარჩეს საკუთარ გადაწყვეტილებასთან. შესაბამისად, უარს ვაცხადებთ დღეს პარლამენტის სხდომასა და მოსამართლეების დანიშვნის კენჭისყრაში მონაწილეობაზე,"- წერს ჩუგოშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რეკომენდაცია მოსამართლეობის 14 კანდიდატს გაუწია.