18 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
ჯანდაცვის რეფორმის გარკვეული საკითხები შესაძლოა შეიცვალოს - სამინისტროში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

მთავრობის 520-ე დადგენილების გამო გამოხატული უკმაყოფილების შემდეგ დღეს საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს, საკანონმდებლო ორგანოსა და კლინიკების წარმომადგენლებმა ახალ ფორმატში დადგენილების ხარვეზები ერთად განიხილეს.

ჯანდაცვის დაწესებულებების ხელმძღვანელებს ძირითადი პრეტენზიები სელექციური კონტრაქტების პირობებისა და დაფინანსებების გათანაბრებასთან დაკავშირებით აქვთ. ახალი დადგენილების გამო, კლინიკების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის ხარისხი გაუარესდება და, რიგ შემთხვევებში, კლინიკების ფუნქციონირების საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

რეფორმის განხილვაში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძეც მონაწილეობდა. შეხვედრას ესწრებოდნენ დამოუკიდებელი დეპუტატებიც. ლევან კობერიძემ ახალი ფორმატი არ მოიწონა და უწყებას მეტი საჯაროობისთვის განხილვის საკანონმდებლო ორგანოში გადატანა შესთავაზა.

სხდომა თითქმის 3 საათს გაგრძელდა, თუმცა დადგენილების ცვლილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ გაჟღერებულა. დათმობს თუ არა უწყება, ეს მომდევნო შეკრებებზე გაირკვევა. დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ თემატური სამუშაო ჯგუფები შეიქმნა, რა ფორმატშიც რეფორმის განხილვები გაგრძელდება.

საბჭოს სხდომას დღეს ესწრებოდნენ ჯანდაცვის ექსპერტებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მსგავსი განხილვები დადგენილების გამოცხადებამდე უნდა შემდგარიყო.

520-ე დადგენილების შესაძლო კორექტირებაზე მსჯელობა სამუშაო ჯგუფებში ხვალიდან, ჯანდაცვის სამინისტროში გაგრძელდება.

დღის ამბები