საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეს გაუნათლებლობას უკავშირებს.
ვოლსკი მიიჩნევს, რომ გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდთან განსაკუთრებული მიდგომებია საჭირო.
"პრობლემას ვხედავ გაუნათლებლობაში, მათ შორის იმ ადამიანების, ვინც თავს პოლიტიკოსებს ეძახიან, ჟურნალისტებს, ექსპერტებს. მოუსმინეთ რას ლაპარაკობს ხალხი. მოუსმინეთ, როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს ახალგაზრდა თაობასთან გარდამტეხ პერიოდში. დღეს სკოლის დირექტორს მოვუსმინეთ, ის ადამიანი ცოდვა არ არის ახლა, სულ არ ჰქონდა განზრახვაში, რომ ასეთი ცოდვა ეტარებინა ცხოვრების ბოლომდე. ხომ ფაქტია, რომ ამ საკითხთან შეიძლებოდა აბსოლუტურად სხვანაირი მიდგომა. ურემი რომ გადაბრუნდა, ახლა დავინახეთ გზა. პოლიციაშიც, მით უმეტეს, ქალი თუ ხარ, პოლიციელი თუ ხარ, ხომ უნდა მიხვდე, რომ აქ მძიმე სიტუაციაა.
თვითონ სკოლის დირექცია თვლის თავის თავს დამნაშავედ და ჩვენ რა უფლება გვაქვს, რომ სკოლას, პედაგოგიურ კოლექტივსა და პოლიციას შორის ვარჩიოთ მტყუან-მართალი,"-განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილიც განათლების სისტემის გაუმართაობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ ცვლილებები უკვე დაგეგმილია.
"ჩვენ უნდა ვისწავლოთ ახალგაზრდების გულებიდან გამოხედვა იქამდე, რომ ასეთი ფატალური შედეგები აღარ დადგეს. სკოლა უნდა იყოს ისეთნაირად მოწესრიგებული, რომ ახალგაზრდას მისვლა უხაროდეს. ამისათვის საჭიროა, ეროვნული სასწავლო გეგმის იმ ტიპის იმპლემენტაცია, როდესაც სააზროვნო კრეატიული აზროვნების ნაწილი მასში იქნება მეტი და, შესაბამისად, ბავშვებს ექნებათ მეტი დრო შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნების გამოსახატად,"- განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც 12 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამ ფაქტს წინ უძღოდა "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც, მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციამ ფსიქოლოგიურად იძალადა.