09 სექტემბერი 2026,   01:35
ვრცლად
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრ იუნ ჰო-ჯუნს შეხვდა. საუბრისას მხარეებმა განიხილეს ციფრულ განვითარებაში მჭიდრო თანამშრომლობა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პარტნიორობა მნიშვნელოვანია, კერძოდ, ხელოვნური ინტელექტის, ინოვაციური ტექნოლოგიების, ელექტრონული სერვისებისა და ციფრული მმართველობის განვითარების საკითხებში.

პაატა სალიამ ხაზი გაუსვა ბოლო წლებში საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ციფრული მმართველობის, ელექტრონული სერვისების, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებებით.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და ფორუმების ორგანიზებას.

ცენტრს აქვს პოტენციალი, შეასრულოს რეგიონული ჰაბის ფუნქცია ინოვაციებისა და ციფრული მმართველობის ახალი მიდგომების შემუშავება-დანერგვის მიმართულებით. მემორანდუმის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის - my.gov.ge-ს შემდგომი განვითარება.

კორეელ პარტნიორებთან ერთად, ოქტომბრის დასაწყისში საქართველო უმასპინძლებს ხელოვნური ინტელექტის მაღალი დონის სამუშაო შეხვედრას.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მოადგილე თამარ ზოდელავა, სსიპ "ციფრული მმართველობის სააგენტოს" თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი კორეის რესპუბლიკაში მიხეილ თიგიშვილი.

დღის ამბები