დაპირისპირების ახალი ტალღა ოპოზიციაში - ისევ ღია ბრალდებები და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მწვავე განცხადებები. ამჯერად, მიზეზი ნიკა გილაურის თემა, 40 მილიონი და ფინანსური გარიგებებია.
ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება არ უკვირთ მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ მათი ოპონენტები თვითგანადგურების რეჟიმში არიან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, ანა წითლიძემ უკვე დადასტურებულად გაასაჯაროვა, რომ ნიკა გვარამიამ სააკაშვილსა და "ნაცმოძრაობას" ზურგში დანა ჩაარტყა.
"არც ტელევიზიების და არც პარტიის შემთხვევაში, ამ ადამიანებისთვის - "ნაცმოძრაობის" განდგომილი ადამიანებისთვის - არ ყოფილა უცხო თანხების მითვისება. ფაქტია, ანა წითლიძემ უკვე დადასტურებულად გაასაჯაროვა, რომ ნიკა გვარამიამ სააკაშვილსა და "ნაცმოძრაობას" ზურგში დანა ჩაარტყა. საუბარია 2024 წლის არჩევნებზე, სადაც ძალიან მარტივი დასანახი იყო, რომ პარტია "ახალმა" ფაქტობრივად სრულად გადმოქაჩა "ნაცმოძრაობის" ხმები. ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი დაფინანსების შედეგად ხდებოდა. ფაქტია საინტერესო, რომ გილაურთან ნიკა გვარამია - სააკაშვილის, ასე ვთქვათ, მითითებით მიდის, რათა "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ წამოიღოს რაღაც დაფინანსება, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს დაფინანსება მან სრულად საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს მოახმარა. ახლა გასაკვირიც არ არის, რომ "ნაცმოძრაობის" ფუნდამენტალისტი წევრები ძალიან აგრესიულად ეხმაურებიან ამ ყველაფერს", - განაცხადა ნინო წილოსანმა.