12 სექტემბერი 2026,   06:46
ვრცლად
"ხელისუფლებას უნდა გავაგონოთ მოქალაქეების პროტესტი" - აქცია ბათუმში ორ საათში დაიწყება

ორი საათი რჩება კიდევ ერთ საპროტესტო აქციამდე, რომელიც ამჯერად ბათუმში გაიმართება.

ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილი პროტესტისთვის, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები ზღვისპირა ქალაქში ერთდროულად რამდენიმე ადგილას შეიკრიბებიან და მსვლელობით "ვარდების მოედნის" მიმართულებით დაიძრებიან.

სწორედ ეს არის ადგილი, სადაც პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებენ. მოთხოვნა უცვლელი რჩება - "ქართულმა ოცნებამ" შეასრულოს დაპირება და ქვეყანაში პროპორციული საარჩევნო სისტემის მოდელი დამკვიდრდეს.

"ეს იქნება ერთერთი მნიშვნელოვანი დღე ჩვენი რეგიონის ისტორიაში, როცა ადამიანები ღიად დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას და კიდევ ერთხელ შეახსენებენ ხელისუფლებას, რომ თანამდებობები დროებითია და ღირებულებები არის მუდმივი და სწორედ ის პრინციპები და ღირებულებები არის მარადიული და მე ვფიქრობ, ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯი და დააკმაყოფილოს როგორც საკუთარი ხალხის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით,"- აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი პეტრე ზამბახიძე.

"მთავარი მოთხოვნა არის, რომ ხელისუფლებას გავაგონოთ თავისი მოქალაქეების პროტესტი. უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, შეასრულოს დანაპირები და დანიშნოს პროპორციული არჩევნები. ეს აქცია არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი, ჩვენ შეგვიძლია ამ პროტესტს ვუწოდოთ თავისუფლების აქცია,"-აცხადებს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე. 

ქუთაისის შემდეგ, ეს არის რიგით მეორე აქცია, რომელსაც ოპოზიცია ბათუმში მართავს.

დღის ამბები