სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობის ნაწილმა გორის მერიის ადმინისტრაციული შენობასთან აქცია გამართა.
აქციის მონაწილეები იმ მიწების დაბრუნებას ითხოვდნენ, რომელიც, მათი თქმით, ისტორიულად სოფელ ჯარიაშენს ეკუთვნოდა, ხოლო დღეს სოფელი ახალუბანი იყენებს.
საუბარია 20 ჰექტარამდე სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, რომელსაც ადგილობრივები როგორც სახნავ სათესად, ასევე საძოვრებად იყენებდნენ.
გორის მერის, კოტე თავზარაშვილის თქმით, ოფიციალურად მიწა სოფელ ახალუბანს ეკუთვნის, ხოლო ჯარიაშენის მოსახლეობამ მიწების დასაბრუნებლად სასამართლოს უნდა მიმართოს.
"ეს არის სახელმწიფო მიწა. როდესაც მოვითხოვე საბუთები, საბუთების მიხედვით ჩანს, რომ მიწა ეკუთვნის ახალუბანს და არა ჯარიაშენს. ამიტომ, თუ ეს სადავოა და თავის დროზე რამე არასწორად მოხდა, უკვე სასამართლოში უნდა იდავონ და სასამართლო ძალით დაიბრუნონ, თუ ნაკვეთები არასწორადაა სოფელ ახალუბანზე გადაცემული,"- განაცხადა კოტე თავზარაშვილმა.
ავტორი: იზო ჩუბინიძე