ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმედ რჩება.
ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ კვაჭაძე აცხადებს, რომ 24 საათის განმავლობაში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაში არაფერი შეცვლილა.
ნიკოლოზ კვაჭაძის თქმით, კვირის ბოლოს დაგეგმილია გამოკვლევები. იმ შემთხვევაში თუ ცოტნე გამსახურდიას საზღვარგარეთ გადაყვანა დაიგეგმა, კლინიკა მზად არის მაქსიმალურად მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა.
"პაციენტის მდგომარეობა კვლავინდებურად რჩება სტაბილურად მძიმე. რაიმე ტიპის ცვლილება ბოლო 24 საათის განმავლობაში არ მომხდარა. შესაბამისად მკურნალობის მოცულობა რჩება უცვლელი. მედიკამენტოზური მკურნალობა არ შეცვლილა, მაგის აუცილებლობა არ არის.
გამოკვლევები არის დაგეგმილი, ალბათ კვირის ბოლოს ჩატარდება. პაციენტის გადაყვანა თუ დაიგეგმა, ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად დავეხმარებით და მონაწილეობას მივიღებთ ამ პროცესში," - განაცხადა ექიმმა.
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, საკუთარ სახლთან, ცივი იარაღით დაჭრეს. საქმეზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 3 პირი.