18 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს" - ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული სტამბექ ბექტემიროვს უფლებადამცველი

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ერთ-ერთი პირის, სტამბექ ბექტემიროვის უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ნინო შავშიშვილი ამტკიცებს, რომ ბექტემიროვს ნარკოტიკების გასაღების ფაქტთან კავშირი არ აქვს, ასევე მისთვის უცნობი იყო იმ ლაბორატორიის შესახებ, სადაც გამოძიების ინფორმაციით, ნარკოტიკული ნივთიერებები მზადდებოდა.

"ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ მას რამე კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან ჰქონდეს შეხება, კონკრეტულად, იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც შეეხება გასაღებას. ექსპერტიზის დასკვნა არის ოდენობასთან დაკავშირებით გაცემული და ამ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი კვალიფიკაცია სწორად არის განსაზღვრული. თუმცა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, არ ეთანხმება გამოძიებაში გარკვეულ მითითებულ გარემოებებს და მტკიცებულებებს. ლაბორატორიასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სტამბექ ბექტემიროვს საერთოდ არ აქვს შეხება ამ ფაქტებთან და საერთოდ უცნობია მისთვის ეს გარემოებები,“ - აცხადებს ადვოკატი, ნინო შავშიშვილი. 

სამართალდამცავებმა უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს. გაშიფრულია საერთაშორისო დანაშაულებრივი ორგანიზაციის სქემა, დაკავებული არიან რუსეთის, უკრაინის, ყირგიზეთისა და საქართველოს მოქალაქეები, მათ შორს დანაშაულებრივი ჯგუფის რეგიონული მენეჯერი უკრაინიდან.

ბათუმსა და თბილისში ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად საჭირო ლაბორატორიული ინვენტარი და ქიმიური ნივთიერებები. მათი საერთო ღირებულება 6 მილიონი ლარია.

ნარკორეალიზატორთა საერთაშორისო ორგანიზებული დაჯგუფება ინტერნეტ აპლიკაციის გამოყენებით 5 ქვეყანაში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებას, შეძენა- შენახვას და რეალიზაციას ახდენდა. დაკავებული არიან 4 ქვეყნის მოქალაქეები.

დღის ამბები