26 აპრილი 2024,   08:02
ვრცლად
16 წლის არასრულწლოვანზე, რომელზეც მამა ძალადობდა ძებნაა გამოცხადებული - გოგონას კვალი 3 დღის წინ დაიკარგა

გორში, საოჯახო საცხოვრებელში მცხოვრებ 16 წლის გოგონას პოლიცია ამ დრომდე ეძებს. მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 23 დეკემბერს გაუჩინარდა. გოგონა ოჯახური ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყების შემდეგ სწორედ ამ დაწესებულებაში ცხოვრობდა.

ოჯახი - დედა, ბებია და დეიდა პასუხისმგებლობას იმ საოჯახო საცხოვრებლის ადმინისტრაციას აკისრებენ, სადაც გოგონა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში გოგონას მეზობლები ამბობენ, რომ არასრულწლოვანი სოფელში ბოლო ერთი წელია აღარ გამოჩენილა.

გორის საცხოვრებელი სახლის წარმომადგენელი, სადაც არასრულწლოვანი გოგონა გადაიყვანეს საცხოვრებლად, კომენტარს არ აკეთებს. შესაბამისად არავინ საუბრობს ჰქონდა თუ არა ბოლოს დრო რაიმე პრობლემები არასრულწლოვანს. "კურიერის" ჯგუფს არც საცხოვრებელი შენობის გადაღების უფლება მისცეს. მომსახურების სააგენტოში კი ამბობენ, რომ გოგონამ საცხოვრებელი თვითნებურად დატოვა. მიზეზი არ იციან, თუმცა გამორიცხავენ, რომ ამ ფორმით არასრულწლოვანმა საცხოვრებელში არსებული პირობები გააპროტესტა. 

დაწესებულების შინაგანაწესის თანახმად, ბენეფიციარები 22 საათზე საოჯახო სახლში უნდა იმყოფებოდნენ. მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანი ასეთი შემოწმებისას არ გამოჩნდა, საოჯახო სახლის ადმინისტრაციამ პოლიციას მიმართა. 

გოგონაზე ძალადობისათვის მისი 39 წლის მამა საპატიმრო დაწესებულებაში მსჯავრს იხდის. ის პოლიციამ მიმდინარე წლის თებერვალში დააკავა.

"კურიერის" არქივი ინახავს მის მიერ მიცემულ ჩვენებას, სადაც ის შვილის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებებს ადასტურებს.

არასრულწლოვანმა მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ პირველს დედას უამბო, თუმცა, მშობელმა უთხრა, რომ არავისთან არაფერი ეთქვა, განმეორების შემთხვევაში კი მეუღლეს უჩივლებდა.

გოგონას ჩვენებიდან ირკვევა, რომ მამა შვილზე მაშინ ძალადობდა, როდესაც სახლში მარტო რჩებოდნენ. ძალადობის შესახებ საუბრის შემთხვევაში კი ცემით ემუქრებოდა.

მოზარდის დაკარგვის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საოჯახო სახლის ადმინისტრაციამ აცნობა. დაკარგული არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოები დღეს დაიწყო.

დღის ამბები