18 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
ფინანსთა სამინისტროში "კავკასიის" და "ტვ პირველის" ხელმძღვანელებთან შეხვედრა დასრულდა

ფინანსთა სამინისტროში "კავკასიის" და "ტვ პირველის" ხელმძღვანელებთან შეხვედრა დასრულდა.

უწყებაში დაგეგმილ შეხვედრაზე სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" მენეჯმენტი არ მიუწვევიათ. ფინანსთა სამინისტრომ 3 ტელეკომპანიას - "რუსთავი 2-ს", "კავკასიას" და "ტვ პირველს" ინკასო ოთხშაბათს დაადო.

ინგა გრიგოლიამ მოლაპარაკება პროტესტის ნიშნად დატოვა. "ტვ პირველის" გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ფინანსთა მინისტრს მის შეკითხვებზე პასუხი არ ჰქონდა, რატომ ჩააყენა კომპანიები უსამართლო და არათანაბარ პირობებში.

"მინისტრისგან ვითხოვდით პასუხს, რატომ ჩაგვაყენეთ ჩვენ ასეთ უსამართლო მდგომარეობაში. მას წამოსცდა საუბრის დროს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ იმ ტელევიზიებს არ გადაახდევინეს იმ პერიოდში ვალი. როდესაც ჩვენ დავუსვით მას კითხვა, დაისაჯა ვინმე? ვისიც გინდათ, იმის პასუხისმგებლობა დააყენეთ და მერე მე ავდექი და წამოვედი, რადგან მე არავის პასუხისმგებლობის დაყენებას არ ვაპირებ. ერთადერთი კითხვა მქონდა, რატომ ჩაგვაყენა სხვა ტელევიზიებთან შედარებით ასეთ უსამართლო სიტუაციაში ჩვენ," - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

ტელეკომპანია "კავკასიას" დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ინფორმაციით, ხელისუფლება 10-წლიან გრაფიკზე ელაპარაკება იმ ტელეკომპანიებს, რომლებსაც 55 მილიონიანი დავალიანება აქვთ, მაშინ როდესაც სხვა ტელევიზიებს მიმდინარე გადასახადის გამო ინკასოს ადებს, რაც მისი განცხადებით, უსამართლობაა.

"დიახაც, რომ აქ საუბარია დაახლოებით 10 წლიან რესტრუქტურიზაციაზე და მოგეხსენებათ ეს  არის ჩუქება ფაქტობრივად.

ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, დღესვე მოეხსნას ინკასო ყველა ტელევიზიას. შემდეგი 1 თვის განმავლობაში ბოლო ბოლო გაგვაგებინოს მინისტრმა რა გრაფიკზე ელაპარაკება ამ არხებს. ასე არ გამოვა. გაიხსნას პროცესი. მანამდე არავინ არანაირ ინკასოს არ იხდის 1 თვის მანძილზე, რაღაცა მორატორიუმი ცხადდება და მერე ვიგონებთ ფორმას როგორ აღმოვჩნდეთ ყველა თანაბარ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა მინისტრს ეს არ უნდა, ეს არის ჩემი ულტიმატუმი,"  - აცხადებს ნინო ჯანგირაშვილი.

"რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის" განვითარების დირექტორი ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ მათი მოთხოვნა არ შეცვლილა. ნათია კუპრაშვილი ითხოვს, ვალების გადახდა რესტრუქტურიზაციით მოხდეს და აღნიშნული პროცესი გამჭვირვალედ გაიმართოს.

"2 წლის წინაც და 1 წლის წინაც ჩვენი ორგანიზაცია ითხოვდა, რომ ყოფილიყო პროცესი გამჭვირვალე და ვითხოვდით, რომ მომხდარიყო ვალების რესტრუქტურიზაციით გადახდა. ეს მოთხოვნა ახლაც არ შეგვიცვლია, ოღონდ პროცესი არ არის გამჭვირვალე და არავის არ გამოუძიებია, როგორ დაგროვდა ეს ვალები. სწორედ ამას ვითხოვთ - გამჭვირვალობას და გამოძიებას" - აცხადებს ნათია კუპრაშვილი.

დღის ამბები