საკრებულოს სხდომას, სადაც დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, დამოუკიდებელი დეპუტატები ესწრებოდნენ. თბილისის საკრებულოს წევრმა, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატმა, ვატო შაქარიშვილმა თბილისის მერს განუცხადა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლების შეუსრულებელ პირობაზე პასუხისმგებლობა აირიდა.
“რაც იყო პროპორციული არჩევნების საუკუნის ტყუილთან დაკავშირებით ის მცდელობა, რომ თქვენ ერთგვარად აირიდოთ პასუხისმგებლობა მმართველი პარტიის ქმედებებზე, მაშინ, როდესაც თქვენ ბრძანდებით გენერალური მდივანი, ვფიქრობ უშედეგო იქნება,“ - განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.
კახა კალაძეს მიმართა თბილისის საკრებულოს წევრმა, ერეკლე კუხიანიძემ, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა, აღარ არის ქართული ოცნების წევრი, კახა კალაძეს საკუთარი თავი წარუდგინა როგორც დამწყები ოპოზიციონერი. კუხიანიძემ თბილისის მერს საკუთარი პროექტის შესახებ შეახსენა, რომელიც ქალაქის მმართველობაში მოსახლეობის ჩართულობას ითვალისწინებს.
“დამწყები ოპოზიციონერი, ერეკლე კუხიანიძე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქალაქის და ქვეყნის სასიკეთოდ. ხომ არ აპირებთ მაინც, რომ ეს ჩემი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის ჩართულობას და მათ უფრო მეტად სახელმწიფო ცხოვრებაში ჩართვას, რომ ამას უფრო მეტად ყურადღება მიაქციოთ,“ - განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.
კახა კალაძემ კი თავის მხრივ განაცხადა, რომ ნებისმიერ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს, რომელსაც კი ქალაქის სასარგებლოდ რაიმე პროექტი აქვს, შეუძლია წარმოადგინოს.
"ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებსაც კი რაღაც ზურგი შევაქციეთ. ასეთი რამ არ ყოფილა არასდროს. თუ რაიმე საინტერესო აქვთ ქალაქთან მიმართებაში, წარმოადგინონ, ვინ უშლით. წარმოადგინონ, მობრძანდნენ და მზად ვართ თანამშრომლობისთვის,“ - აცხადებს კახა კალაძე.
ავტორი: ლელა ჯავახიშვილი