26 დეკემბერი 2024,   14:01
ვრცლად
საზეიმო გალაკონცერტი, თეატრალური სანახაობა და ფოიერვერკი - საქართველოს რეგიონებში საახალწლო განწყობაა

ახალ წელს საქართველოს თვითმმართველ ქალაქებში კონცერტებით და ფოიერვერკით შეხვდნენ. საახალწლო პროგრამა ქართველი მუსიკოსებისა და ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით, თითქმის ყველა რეგიონში ერთდროულად, ღამის 11 საათზე დაიწყო და გვიანობამდე გაგრძელდა.

სადღესასწაულო ღონისძიებები ამ კონცერტებით არ დასრულებულა, თვითმმართველ ქალაქებში საახალწლო პროგრამა კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

ზუსტად 12 საათზე ბათუმელებმა ახალი წლის დადგომა, ევროპის მოედანზე საზეიმო ფოიერვერკით აღნიშნეს. ზღვისპირა ქალაქი ახალ წელს, ქართული ესტრადის მომღერლებთან ერთად შეხვდა. კონცერტს ნიკოლოზ რაჭველი და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი აფორმებდა. საახალწლო აქტივობა ბათუმში 7 იანვრამდე გაგრძელდება. ღონისძიებების ორგანიზებისთვის ქალაქის მთავრობამ 350 ათას ლარამდე დახარჯა.

საზეიმო განწყობა იყო ქუთაისშიც. 2020 წლის დადგომას აქაც საზეიმო ფოიერვერკითა და საახალწლო კონცერტით დახვდნენ. ქუთაისში საახალწლო ნომრები დედაქალაქიდან მოწვეულმა ჯგუფებმა და ადგილობრივმა ანსამბლებმა შეასრულეს.

ახალ წელს სხვადასხვა პროგრამით შეხვდნენ გურიაშიც. ჩოხატაურელებმა "კურიერთან" საახალწლო სურვილები გაამხილეს.

გამონაკლისი არც სამეგრელო ყოფილა. საახალწლო კონცერტი ზუგდიდში, დადიანების ისტორიული სასახლის ეზოში გაიმართა. ადგილობრივები 2020 წელს აქაც, კონცერტითა და სხვადასხვა გასართობი პროგრამით შეხვდნენ.

ახალ წელს ფოიერვერკით შეხვდნენ კახეთშიც. გურჯაანსა და თელავში საახალწლო კონცერტი გვიან ღამემდე გაგრძელდა. 2020 წლის დადგომა კახელებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა საახალწლო, გასართობი ღონისძიება დღესაც არის დაგეგმილი.

დღის ამბები