26 დეკემბერი 2024,   18:59
ვრცლად
საპროტესტო აქციები, შეტაკებები, სტიქიები, მძიმე პოლიტიკური კრიზისები - მსოფლიო 2019 წელს

საპროტესტო აქციები, შეტაკებები, სტიქიები, მძიმე პოლიტიკური კრიზისები - ეს მსოფლიოში 2019 წელს განვითარებული მოვლენების მცირე ჩამონათვალია.

ახალი 2020 წელი უკვე დადგა, წინ ახალი გამოწვევები და ახალი მოვლენებია. მანამდე კი გავიხსენოთ გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ამბები.

მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის აბუ ბაქრ ალ ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ, განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა. ტრამპის ეს სიტყვები (ნომერ პირველი ტერორისტი ლიკვიდირებულია, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკვდა, როგორც ძაღლი) ახლა უკვე ის ისტორიაა, რომელიც 2019 წლის ქრონიკაში ჩაიწერა.

2019 წელს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად იქცა თურქეთ-სირიის საზღვარი.

საქართველოდან სულ რაღაც 700 კილომეტრში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა თავისი სამხედრო ძალები ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე შეიყვანა.

ეს არ ყოფილა ერთადერთი სკანდალი, რომელშიც თეთრი სახლის ლიდერი გაეხვა. ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, იმპიჩმენტის ზღვარზეა. ტრამპის საბოლოო ბედს სენატი უკვე 2020 წელს გადაწყვეტს.

ამ საქმის მთავარი ფიგურანტი კი უკრაინის პრეზიდენტია. სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ტრამპი-ზელენსკის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა. დემოკრატების მტკიცებით, ამერიკის პირველი პირი უკრაინელ კოლეგაზე ზეწოლას ახორციელებდა, რათა ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო.

ტრამპის იმპიჩმენტის საქმის მთავარი ფიგურანტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პოლიტარენაზე მოულოდნელად გამოჩნდა. 41 წლის კომიკოსს მანამდე პოლიტიკასთან მხოლოდ ერთ-ერთ სერიალში შესრულებული პრეზიდენტის როლი აკავშირებდა. თუმცა, ფილმის სცენარი რეალობად მალევე იქცა და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში უკრაინელი ამომრჩევლის 73%-მა ნდობა სწორედ ზელენსკის გამოუცხადა. მსახიობი და შოუმენი უკრაინის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა.

ზელენსკისგან განსხვავებით, 2019 წელი, წარუმატებელი აღმოჩნდა ბრიტანეთის უკვე ყოფილი პრემიერისთვის. ტერეზა მეი ბრიტანელ ხალხს ემოციურად დაემშვიდობა და ბრექსითის გამო, პოსტი დატოვა.

ტერეზა მეის პოსტი ლონდონის ყოფილმა მერმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ექსმინისტრმა ბორის ჯონსონმა დაიკავა. ევროსკეპტიკოსმა ჯონსონმა ქვეყნის ევროკავშირიდან გაყვანის პირობა დადო. ამისთვის ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც ჩაატარა და ბრიუსელთან მოლაპარაკებისთვის მანდატი განიმტკიცა.

ბრიტანეთში პოლიტიკური პროცესები საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. დემონსტრაციებს მართავდნენ როგორც ევროკავშირის დატოვების, ისე ბლოკში დარჩენის მომხრეები.

დიდი ბრიტანეთის გარდა, მასშტაბური საპროტესტო აქციები მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში იმართებოდა. ანტისამათავრობო ლოზუნგებითა და სოციალური პრობლემებით უკმაყოფილო მოქალაქეები ვენესუელაში, ჩილეში, ბოლივიაში, ჰონგ-კონგში, ირანში, ერაყში, ლიბანში, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებში ქუჩებში გავიდნენ. აქციები ხშირად პოლიციასთან შეტაკებითა და დაპირისპირებით მთავრდებოდა. ზოგ ქვეყანაში ათობით დემონსტრანტი დაიღუპა.

ცხელი პოლიტიკური წელი იყო ესპანეთშიც. კატალონიაში საპროტესტო აქციების ახალმა ტალღამ იფეთქა. ვითარების დაძაბვის მიზეზი, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც 9 კატალონიელ სეპარატისტ ლიდერს, ცხრიდან ცამეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. ასევე სასამართლომ კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის კარლეს პუჩდემონის დაკავების ორდერიც გასცა. პუჩდემონი ბელგიაშია. ოფიციალურმა მადრიდმა მის ექსტრადირებაზე უარი მიიღო.

2020 წელს მასშტაბური გაფიცვით ხვდება საფრანგეთი. პარიზი ფაქტობრივად პარალიზებულია. გაფიცვა და საპროტესტო აქციების ტალღა საპენსიო რეფორმას მოჰყვა. პროფკავშირებს გაფიცვის შეწყვეტისკენ მოუწოდა ქვეყნის პირველმა პირმა. თუმცა, ამაოდ.

პოლიტიკური პროცესების გარდა, 2019 წელს საფრანგეთი მსოფლიო ყურადღების ცენტრში სულ სხვა მიზეზით მოექცა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, რომელიც არა მხოლოდ პარიზის, არამედ მთელი საფრანგეთის სიმბოლოა, ხანძარი გაჩნდა. ნოტრ დამის 850-წლიანი ისტორიის განადგურებას მილიონობით ადამიანი პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში წელს პირველად შობის საზეიმო ლიტურგია არ შესრულდა.

2019 წელს შეინიშნებოდა ეკოლოგიური კატასტროფებისა და ბუნებრივი სტიქიების გაზრდის ტენდენცია. წყალდიდობები, შტორმები, მიწისძვრები - ადამიანები ბუნებას თითქმის ყველა კონტინენტზე ებრძოდნენ. ბრაზილიაში ცეცხლის კერების მასობრივმა აფეთქებებმა წელს რეკორდი მოხსნა.

განსაკუთრებულად შოკისმომგვრელი იყო ხანძარი ამაზონის ტყეში, რომელსაც მსოფლიოს ფილტვებსაც უწოდებენ.

საგანგებო მდგომარეობაა ავსტრალიაში. ხანძრის 100-ზე მეტ კერას მეხანძრეები და მოხალისეები ამ დრომდე ებრძვიან. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია მოსახლეობა, ძლიერმა ხანძარმა 10-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კლიმატის ცვლილებების გაპროტესტების გამო, წლის აღმოჩენა გახდა 16 წლის შვედი ეკოაქტივისტი გრეტა თანბერგი, მან ატლანტის ოკეანე იახტით გადაცურა, თვითმფრინავებით მგზავრობაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ გარემოს ნაკლები ზიანი მიაყენოს. თანბერგი ახალი თაობის გლობალური აქტივიზმის სიმბოლო და ჟურნალ "თაიმის" ყველაზე ახალგაზრდა წლის ადამიანი გახდა.

2019 წელის განსაკუთრებული აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახისთვის. სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას პირველი შვილი შეეძინათ. მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახის ყველაზე პატარა წევრს არჩი დაარქვეს. პატარა არჩი სამეფო ოჯახის საშობაო ბარათზეც გამოჩნდა.

დღის ამბები