22 დეკემბერი 2024,   10:25
ვრცლად
ასობით მსჯავრდებულის ოჯახი შეწყალების აქტის მოლოდინშია

აპირებს თუ არა პრეზიდენტი მსჯავრდებულების შეწყალებას?! - შობამდე ერთი დღით ადრე, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ისევ უცნობია. წინა კვირას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ საშობაო შეწყალება იქნება, მაგრამ მას შემდეგ არც ადმინისტრაცია და არც თავად პრეზიდენტი განმარტებას აღარ აკეთებენ. შეწყალების აქტს კი ასობით პატიმარი უკვე რამდენიმე თვეა, ელოდება, მათ შორისაა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძეც.

ნათელა ფხოველიშვილმა, რომლის შვილი -  თამარ ფხოველიშვილი უკვე 5 წელია, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბიუჯეტის გაფლანგვისთვის იხდის სასჯელს, აპრილში მიმართა პრეზიდენტს და ასევე განცხადება შეიტანა იუსტიციის სამინისტროში, რომ გამონაკლის შემთხვევაში იყოს გათვალისწინებული, ვინაიდან 4 შვილიშვილს მარტო ზრდის. შესაბამისად, ნათელა ფხოველიშვილი დღეს პრეზიდენტს მიმართავს, რათა მის შვილს სასჯელი თუნდაც გაუნახევრდეს.

"ჩემს შვილს 2021 წლის ოქტომბრამდე შეწყალება არ ეკუთვნის. წარმოიდგინეთ, ეს ბავშვები, რომლებიც დარჩნენ და 5 წელია დედას ელოდებიან, ნუთუ არ უნდა მიიღონ მხედველობაში, რომ ბავშვებს დედა სჭირდებათ. თქვენი ტელევიზიის საშუალებით მივმართავ პრეზიდენტს, კიდევ დროა მიიღოს მხედველობაში, მე არ ვთხოვ მის მთლიანად გამოშვებას, წლები მაინც შეუმცირონ," - აღნიშნა მსჯავრდებულის დედამ ნათელა ფხოველიშვილმა "კურიერთან" საუბრისას.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმას თორნიკე მამალაძეს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"თუკი საპატრიარქოს სპექტაკლი არ აქვს დადგმული, რომ ჩვენ მოგმართავთ და ამით პასუხისმგებლობისგან ვთავისუფლდებით და თქვენ უარი თქვით შეწყალებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი თუკი არ მოაწერს ხელს და არ გაათავისუფლებს დეკანოზს, ვერავინ დამაჯერებს, რომ ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს. რა თქმა უნდა, ამაში საპატრიარქო იქნება გარეული. თუკი უნდათ ამ ჯოჯოხეთის დასრულება, ერთადერთი გზა არის ჩემი ძმა გათავისუფლდეს," - განაცხადა თორნიკე მამალაძემ "კურიერთან" საუბრისას.

დღის ამბები