ვარკეთილში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულმა შსს-ს თანამშრომელმა ზურაბ ფოფხაძემ სასამართლო სხდომაზე დანაშაული აღიარა და მომხდარის დეტალები მოყვა. ბრალდებულის ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი თავის ძმასთან ერთად, ზურაბ ფოფხაძის მეგობრის ავტომობილის გატაცებას შეეცადა, რამაც კონფლიქტი გამოიწვია.
ბრალდებულის ადვოკატის, მევლუდ ჯანჯღავას თქმით, ბრალდებული პატიმრობის შეფარდებას ეთანხმება.
"ჩვენ ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებისთვის შუამდგომლობა არ დაგვიყენებია, პიროვნებამ აღიარა რაც მოხდა, რაზეც წაყენებული აქვს ბრალი, და განაცხადა, რომ ის ითხოვს პატიმრობას.
როდესაც ბრუნდებოდა ფოფხაძე თავის თანმხლებ პირთან ერთად დაინახა, რომ მის მანქანაში იყვნენ სხვა პირები და მანქანის წაყვანას ცდილობდნენ. ამან გამოიწვია ყველაფერი. მოახერხეს მანქანის წაყვანა 15-20 მეტრით, იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში და დააჯახეს ბოძს. გაჩერდა მანქანა, გადმოიყვანა მანქანიდან და მოხდა ეს წინააღმდეგობები ალბათ და, სამწუხაროდ, დასრულდა სავალალო შედეგით," - განაცხადა ადვოკატმა.
საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალი მხოლოდ ზურაბ ფოფხაძეს წარედგინა, გამოძიება გრძელდება და ბრალდებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
პროკურორის ინფორმაციითვე, ცემის შემდეგ, ბრალდებულმა გარდაცვლილი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით სახლში წაიყვანა, სიტუაციის დამძიმების შემდეგ კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა თავადვე გამოიძახა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ზურა ფოფხაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.
ბრალდებულის მეგობრისთვის, რომელიც "დამპალოს" სასაფლაოს ტერიტორიაზე მასთან ერთად იმყოფებოდა, ამ ეტაპზე, ბრალი არ წარუდგენიათ, თუმცა, გამოძიება არ გამორიცხავს, რომ საქმეზე ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს.
საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდა მოკლულის დედაც, რომელიც პროცესზე არ დაუშვეს. მოკლულის დედა ინციდენტში მონაწილე მეორე პირის დაკავებას ითხოვს.
შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, 2 იანვარს, ღამის საათებში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. "დამპალოს" სასაფლაოს ტერიტორიაზე პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს, ბრალდებულმა ზ.ფ.-მ მ.წ.-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ლუკა ხაჩიძე