დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსის შემთხვევები ბოლო პერიოდში შემცირებულია, სტატისტიკური მაჩვენებელი იკლებს როგორც მიმდინარე კვირასთან შედარებით, ასევე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მათივე თქმით, ამ დროისთვის, ლაბორატორიულად დადასტურებულია გრიპის ვირუსით გარდაცვალების 2 შემთხვევა.
რაც შეეხება ჭიათურაში 30 წლის ქალის გარდაცვალებას, ცენტრის ინფორმაციით, ჯერჯერობით ეს შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის.
რაც შეეხება ზოგად სურათს, დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ გრიპის ვირუსის გავრცელების ტენდენცია მზარდი არ არის და შედარებით შემცირებულია. აქედან გამომდინარე ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს.
"ეს იყო მაღალი ცხელებით მიმდინარე დაავადება. ცხელება ახასიათებს გრიპს და კიდევ ძალიან ბევრ დაავადებას. კლინიკის წინასწარი დიაგნოზი გახლავთ დაუდგენელი ეტიოლოგიის ვირუსული ინფექცია. დღევანდელი დღით გვაქვს ლაბორატორიულად დადასტურებული 2 გარდაცვალების შემთხვევა," - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
რაც შეეხება რისკ-ჯგუფებს, მათ მცირეწლოვანი ბავშვები, 1 წლამდე ბავშვები, ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები წარმოადგენენ.
"დღეისათვის იაშვილის კლინიკაში 64 პაციენტი წევს, სადაც დაისვა გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადებების დიაგნოზი. არცერთ პაციენტთან, რომელიც ჩვენთან წევს, არ დაფიქსირებულა მოგვიანებითი მომართვა. რაც შეეხება ფილტვების ანთების განვითარებას, ეს გრიპის ვირუსის ერთ-ერთი ტიპიური გამოვლინებაა.
გრიპის ძირითადი კლინიკური ნიშნები გახლავთ უეცრად დაწყებული და განვითარებული მაღალი ტემპერატურა - 38 გრადუსი და მეტი, ძლიერი თავის ტკივილი, ყელისა და კუნთების ტკივილი, საკვებზე უარის თქმა. ამ ნიშნების არსებობის შემთხვევაში უნდა ჩავთვალოთ, რომ გრიპის ვირუსთან გვაქვს საქმე," - განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.