საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის პროცესი. დღეს ბრალდებამ მოწმეები წარადგინა, ეროვნული ბანკის 3 თანამშრომელი, რომლებმაც 11 წლის წინ განხორციელებული ტრანზაქციები შეისწავლეს.
დაცვის მხარის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბრალდების მხარის მოწმეებმა პროცესზე თქვეს, რომ სესხის გაცემის დროს, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერა არსად ფიქსირდება.
ადვოკატები ამბობენ, რომ ეროვნული ბანკის თანამშრომლებს, თუკი ისინი შემოწმების დროს ფულის გათეთრების ფაქტს აღმოაჩენდნენ, ვალდებულება ჰქონდათ, რომ შესაბამისი უწყებისთვის მიემართათ.
"სამართალი რომ იყოს, დღეს სასამართლო პროცესი უნდა დამთავრებულიყო საერთოდ, იმიტომ რომ ბრალდების ყველაზე მნიშვნელოვანმა მოწმეებმა თქვეს, რომ არსად ფიქსირდება მამუკას და ბადრის ხელმოწერა სესხის გაცემის დროს, არსად ფიქსირდება მათი გადაწყვეტილება და რაიმე ჩარევა სესხის გაცემასთან დაკავშირებით. ყველა შემმოწმებელმა თქვა, რომ ფულის გათეთრება მათ არ აღმოუჩენიათ და უფრო მეტიც, მათ თქვეს, რომ აღმოეჩინათ ფულის გათეთრება, ისინი ვალდებული იყვნენ, დაეფიქსირებინათ და ეს არ მომხდარა,“ - აცხადებს ზვიად კორძაძე.
კიდევ ერთი ადვოკატი, კახა წერეთელი ამბობს, რომ პროცესზე ფულის გათეთრების შესახებ არანაირი მტკიცებულების შესახებ არ მოუსმენიათ.
"მათ განაცხადეს, რომ არანაირი მცდარი ინფორმაცია ავთანდილ წერეთლის თუ იმ კომპანიების მიერ, რომლებმაც კრედიტი მიიღეს, არ ყოფილა წარდგენილი. ეს ჩანაწერი არსებობს, ეს მაინც არ არის სადაო და სწორედ მსგავსი არასწორი შეფასებების გამო დადის დღეს ეს ხალხი ბრალდებულების სტატუსით. დღეს ჩვენ არანაირი მტკიცებულება რაიმე ფორმით, რომელიც მიუთითებდა ფულის გათეთრებაზე, არ მოგვისმენია და გვჯერა, რომ ასე გაგრძელდება," - აცხადებს ადვოკატი კახა წერეთელი.
პროკურორი გიორგი მიქავა აცხადებს, რომ დღეს ბრალდების მხარის სამმა მოწმემ, რომლებიც ეროვნული ბანკის თანამშრომლები არიან, სასამართლოს მნიშვნელოვანი ჩვენება მისცეს.
ავტორი: ლუკა ხაჩიძე