პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრი გოგი წულაია ქუთაისის მერიაში საწვავის გადაჭარბებულ ხარჯვაზე საუბრობს. წულაიას უკვირს, როგორ ახერხებენ ადგილობრივი მერიის თანამშრომლები დიდი რაოდენობით საწვავის ხარჯვას, რადგან მისი კალკულაციით, - "მთელი დღე, რომ იტაქსაონ, 200 000 ლარს მაინც ვერ დახარჯავენ".
პარტიის თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ბრიფინგი ქუთაისი ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის საერთო საცხოვრებელთან გამართა და არსებულ კონტრასტზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ადამიანები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ, ამის ფონზე კი მერია 11 თვეში 200 000 ლარის საწვავს ხარჯავს.
გოგი წულაია მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს, დაინტერესდეს ქალაქებში არსებული პრობლემებით.
"სპეციალურად მოვედი აქ, რადგან მეჩვენებინა, როგორ ცხოვროვენ ადამიანები და ამ ფონზე, რა ოდენობის საწვავს ხარჯავს მერია. მთელი დღე, რომ იტაქსაო ამ ოდენობის საწვავს ვერ დახარჯავ და საინტერესოა, სად მიაქვთ? მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, ნუ უკვირს, მოქალაქეები, რომ აგინებენ, დაინტერესდეს, როგორ მუშაობენ მერები და მიხვდება, რატომ არის ასეთი განწყობები,"- განაცხადა გოგი წულაიამ.
წულაიას განცხადებით, მერიის გარდა დიდი რაოდენობით საწვავს, საკრებულო და აიპებიც მოიხმარენ.
ქუთაისის მერიაში წულაიას საპასუხოდ კომენტარს არ აკეთებენ.