31 დეკემბერს წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობისთვის დაკავებული ხუთი პირის ადმინისტრაციული საქმის განხილვა 20 იანვრისთვის გადაიდო.
მხარეებმა შესავალი სიტყვები უკვე თქვეს, ასევე გამოიკითხნენ სამართალდამცველები, რომლებმაც დაკავების ოქმები შეადგინეს.
დაკავებული პირები და მათი უფლებადამცველი მოწმეების ჩვენებებს აბსურდულს უწოდებენ. ბრალდებულების მხარდამჭერებმა პროცესიდან გამოსული მოწმეები სასამართლოდან ტაშით და შეძახილებით გააცილეს.
"პროცესი ერთი კვირით გადაიდო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე, ჩვენმა მხარემაც ვიდეო მტკიცებულებები წარმოადგინა. პატრულის თანამშრომლებს, რომლებმაც ჩვენება მისცეს, დაზეპირებული ტექსტები ჰქონდათ და იქვე ამატებდნენ რაღაცეებს. შსს-ს თავისი მასალა თითქმის არ აქვს, თუმცა ჩვენ ყველაფერი ნანახი გვაქვს და რეალურად რასაც გვედავებიან არ მტკიცდება," - აღნიშნა სამოქალაქო აქტივისტმა ბექა კოკაიამ.
ადვოკატის განცხადებით კი, სამართალდამცველთა ჩვენებები ერთმანეთს არ ემთხვევა.
"გამოიკვეთა ის, რომ პოლიციელების ჩვენებები გარკვეულწილად მცდარია და შეიცავს ბევრ უზუსტობას. მათი ჩვენებები ერთმანეთს არ ემთხვევა, რაც სასამართლომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს," - განაცხადა ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა.
შეგახსნებთ, 31 დეკემბერს პარლამენტთან დაპირისპირება კარვების აღებას და საახალწლო ატრაქციონების დადგმას მოჰყვა.