საკრებულოს ბრალდებული წევრის ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. პროცესზე ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების განხილვა მოხდება. დაცვის მხარე კიდევ ერთხელ დააყენებს შუამდგომლობას, რომ საკრებულოს დეპუტატს უფლებამოსილება აღუდგეს.
თამთა თოდაძის ადვოკატის, თამუნა ლუკავას თქმით, დაიწყება იმ მტკიცებულებების გამოკვლევა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში შეგროვდა.
"იწყება უკვე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი სისხლის სამართლის საქმისათვის, ვინაიდან მოხდება იმ მტკიცებულებათა გამოკვლევა, რომელიც შეგროვდა ბრალდების მხარის მიერ და რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამდენი ხნის განმავლობაში, იმ მტკიცებულებებზე, რომელიც საქმეში რეალურად დევს და რომელიც ასახავს, რომ თამთა თოდაძე არის რეალურად დაზარალებული," – აცხადებს თამუნა ლუკავა.
ილია ჯიშკარიანის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, დაცვის მხარე ყველა მტკიცებულებას უდაოდ ცნობს, გარდა თამთა თოდაძის და მისი დედის ჩვენებებისა. უფლებადამცველის თქმით, ამ პროცესს აუცილებლად მოგებით დაასრულებს, რადგანაც დასტურდება, რომ ილია ჯიშკარიანი სიცრუისა და პროვოკაციის მსხვერპლია - აღნიშნა მარიამ კუბლაშვილმა.
"უდაოდ ვცნობთ თითქმის ყველა მტკიცებულებას, გარდა დაზარალებულის, მისი დედის და რამდენიმე ადამიანის ჩვენებისა. ჩვენ ამ პროცესს დავასრულებთ მოგებით, ვინაიდან მათი ერთობლიობა არ ქმნის არანაირ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ილია ჯიშკარიანმა რაიმე სახის დანაშაული კი არ ჩაიდინა, არამედ პირიქით ცალსახაა და ფაქტია, რომ იგი ძალიან დიდი სიცრუის და პროვოკაციის მსხვერპლია," - განაცხადა ილია ჯიშკარიანის ადვოკატმამარიამ კუბლაშვილმა.