18 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
"უკანონოდ მოპოვებას ედავებიან, არადა დაუდგენელმა პირმა გადმოუგზავნა"- ფარული ჩანაწერების საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელების საქმეზე ბრალდებული 19 პირის პროცესი მიმდინარეობს.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ვახტანგ იაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს უკანონო ჩანაწერების მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებას ედავებიან, სინამდვილეში კი ფაილი მას, დაუდგენელმა პირმა გამოუგზავნა. 

"ედავებიან, რომ თითქოს მან მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვა ეს ფაილი, ეს ჩანაწერები. სინამდვილეში, დაუდგენელმა პირმა გადმოუგზავნა მას. ეს დაუდგენელი პირი, რა თქმა უნდა, გამოძიებისთვის არ არის ცნობილი და ჩვენ ბევრი შეკითხვა გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ხომ არ არის ეს შეგნებულად გაკეთებული მისი სისიხლის სამართლის პასუხისგებაში განზრახ მიცემის მიზნით, უკანონოდ,"- განაცხადა ვახტანგ იაშვილმა.

ბრალდებული გიორგი გასვიანის უფლებადამცველი კახა ხვისტანი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს და სასამართლო გამოძიების დასრულებას ამ უფლებით აპირებს. 

"დღევანდელ დღეს დაიწყება სასამართლო გამოძიება, რაც გამოიხატება მოწმეების დაკითხვაში, შესაბამისად, ველით ბრალდების მხარის მიერ მოწმეების წარმოდგენას, რათა მივიღოთ მონაწილეობა მათ დაკითხვაში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი გასვიანი იყენებს დუმილის უფლებას და ამ უფლებით ვაპირებთ სასამართლო გამოძიების დასრულებას,"- განაცხადა კახა ხვისტანმა.

საქმის პროკურორის, გიორგი მუკბანიანის თქმით, სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის 2 მოწმეს დაკითხავენ. პროკურორის ინფორმაციით, დასაკითხთა სიაშია დაზარალებული ეკა ბესელიაც, რომლის დაკითხვაც სტრატეგიის შესაბამისად იგეგმება. 

"დაიკითხებიან მოწმეები, კერძოდ, გამომძიებლები, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და სხვადასხვა ინფორმაციის მატარებელი საშუალებებიდან გამოითხოვეს ვიდეოჩანაწერები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. ეკა ბესელია ბრალდების მხარის მხრიდან შეყვანილია დასაკითხ პირთა სიაში, ის ცნობილია დაზარალებულად. შესაბამისად, ის, სტრატეგიის შესაბამისად დაიკითხება,"- განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, 20 პირი დააკავეს.

ყველა მათგანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვთ წარდგენილი.

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები