22 დეკემბერი 2024,   10:16
ვრცლად
2020 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა - ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას მასპინძლობს

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას მასპინძლობს. შეხვედრაზე რომელიც თავდაცვის უწყებაში გაიმართა სტრატეგიული პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ზაკირ ჰასანოვმა 2020 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმაც გააფორმეს, რაც მათი განმარტებით, თავდაცვის სფეროში ურთიერთობის გაღრმავებასა და წარმატებულ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

გენერალ-პოლკოვნიკი ზაკირ ჰასანოვი გმირთა მოედანზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესთან ერთად იმყოფებოდა.

"ორ ხალხს შორის ძალიან მყარი და მეგობრული ურთიერთობა არსებობს. მინდა გითხრათ, რომ აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და იგივეს ვგრძნობთ საქართველოსგანაც საერთაშორისო ასპარეზზე. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ 2020 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას, რომელიც მოიცავს სწავლებებსა და ტრენინგებს.

დარწმუნებული ვარ, სამხედრო სფეროში ჩვენი ურთიერთობა წარმატებით გაგრძელდება. კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას ასეთი გულწრფელი მიღებისთვის,"- აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ზაკირ ჰასანოვი.

დღის ამბები