20 აპრილი 2024,   01:33
ვრცლად
"ბრალდების მხარის მოწმეები ვერ ადასტურებენ, რომ თამლიანს პარლამენტში შეჭრა უნდოდა" - ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების პროცესი გაიმართა.

დაკავებული ბესიკ თამლიანის ადვოკატის ვახტანგ იაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარის მოწმეები ვერ ადასტურებენ, რომ თამლიანს პარლამენტში შეჭრა უნდოდა.

"ბრალდების მოწმეებმა აღნიშნეს, რომ გარდა იმ შემთხვევისა, როცა თამლიანი ფარს ეხება და გაშლილი ხელით ცდილობს ფარის წართმევას, ვერ ნახეს სხვა ძალადობა თამლიანის მხრიდან. ისინი ვერ ადასტურებენ, რომ მას უნდოდა პარლამენტში შეჭრა, რაც ბრალდების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. შესაბამისად, ამ პროცესზე ბრალდების მოწმეებმაც კი დაადასტურეს ის, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვამბობთ," - განაცხადა ვახტანგ იაშვილმა.

პროკურორის ვაჟა თოდუას ინფორმაციით კი, დღეს ბრალდების მხარის ორი მოწმე ვიდეო მტკიცებულების თანხლებითაც დაიკითხა, სადაც ჩანს, რომ თამლიანი პოლიციელზე ძალადობს.

"ბრალდების მხარის ორი მოწმე ვიდეო მტკიცებულების თანხლებით დაიკითხა. წარედგინათ მათ ის ვიდეო მტკიცებულება, სადაც ჩანს, რომ ბესიკ თამლიანი ახორციელებს ძალადობას პოლიციის თანამშრომლებზე. პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს მან ფარი გასტაცა, ხოლო მეორე თანამშრომელს ფარის მიმართულებით რამდენიმეჯერ ხელი დაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აყენებდა. იგივე განაცხადეს დღეს სასამართლოს სხდომაზე მოწმეებმა," - აღნიშნა ვაჟა თოდუამ.

20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

დღის ამბები