ზუგდიდში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. ის 19 იანვარს გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით ჯერ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს, მეორე დილას კი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.
ახლობლების ინფორმაციით, 22 წლის სალომე გაგუას ფილტვების ანთება ჰქონდა, თუმცა გახდა თუ არა გრიპის ვირუსი მისი გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს.
ახალგაზრდა ქალი გორის სიახლოვეს მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ის ქუთაისიდან თბილისში გადაჰყავდათ სამკურნალოდ. ახლობლებმა "კურიერს" უთხრეს, რომ ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
აღსანისნავია, რომ ქუთაისში კლინიკა "უნიქალ მედიში" ზუგდიდიდან პაციენტი გრიპის ვირუსის სიმპტომებით 20 იანვარს შეიყვანეს.
ექიმის ინფორმაციით, გუშინ ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით თბილისში გადაიყვანეს, თუმცა გზაში სიკვდილი დაფიქსირდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზე იყო და ოჯახი გააფრთხილეს, რომ მდგომარეობა შეიძლებოდა დამძიმებულიყო. მათი თქმით, ანალიზები თბილისშია გადაგზავნილი.