18 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
ხელჩართული ჩხუბი საკრებულოში - დაისჯებიან თუ არა ის პირები, რომლებმაც ლევან ხაბეიშვილს სცემეს

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხაბეიშვილმა ადეკვატური პასუხი მიიღო. უფრო მეტიც, მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ამიერიდან გინება, დამცირება და ლანძღვა აუცილებლად იქნება მსგავსი რეაქციის საფუძველი. 

ახალი დაპირისპირების პრევენციის მიზნით პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს საკრებულოს შენობაში აღარ უშვებდნენ. საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურმა მთავარი შესასვლელი კარის საკეტიც კი გამოცვალა.

ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოში გაერთიანებული კომისიის სხდომაზე დაიწყო. უმრავლესობის დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ლევან ხაბეიშვილს მედიაში გაკეთებული განცხადებები შეახსენა, რასაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა და  ჩხუბში გადაიზარდა.

ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა დერეფანშიც. ერთმანეთს აქ, უკვე ლევან ხაბეიშვილი და ირაკლი ზარქუა დაუპირისპირდნენ. "ქართული ოცნების" დეპუტატს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლილე ლიპარტელიანმა შეაფურთხა.

მმართველი გუნდის დეპუტატებმა ლევან ხაბეიშვილი პროვოკაციაში დაადანაშაულეს და განმარტეს, რომ ისინი იძულებული გახდნენ ოპოზიციონერი დეპუტატის შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებებისთვის ამ ფორმით ეპასუხათ.

მალე ხმაური საკრებულოს გარეთაც დაიწყო, როცა თანაგუნდელის მხარდასაჭერად მისული პოლიტიკოსები დაცვამ შენობაში არ შეუშვა. "ნაციონალურ მოძრაობის" წევრების რამდენიმე მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

პოლიტიკოსების გარდა, საკრებულოსთან სამოქალაქო აქტივისტებიც მივიდნენ. "შეცვალესა" და "გაბედეს" წევრებმა ლევან ხაბეიშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს და დამნაშავეების დაუყოვნებლივ დასჯა მოითხოვეს.

რატომ აიკრძალა საკრებულოში საშვებით შესვლა, საკრებულოს თავმჯდომარემ მოგვიანებით განმარტა. გიორგი ტყემალაძემ მოტივად უსაფრთხოება დაასახელა.

მას შემდეგ, რაც ინციდენტი დასრულდა, საკრებულოში სხდომა გაიმართა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლილე ლიპარტელიანმა კენჭისყრის ეკრანი გათიშა და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. სხდომიდან მმართველმა გუნდმა ოპონენტები კიდევ ერთხელ გააფრთხილა.

ლევან ხაბეიშვილს დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვს მიყენებული. თვითმმართველი ორგანოში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები