21 დეკემბერი 2024,   18:40
ვრცლად
ამოიცნობს თუ არა, გუგეშაშვილი მურჯიკნელში, იმ პირს, რომელმაც შვილი მოუკლა, მას დაკავებულის სახელი და გვარი არ ეცნობა

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელს, ბრალი 2 მუხლით წარედგინა.

საგამოძიებო უწყება მას მკვლელობას, მკვლელობის მცდელობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას ედავება. რა მტკიცებულებები დევს საქმეში, პროკურორს დღეს არ დაუკონკრეტებია.

მეორე დღეა დაცვის მხარე მასალების გადაცემას ითხოვს. მიუხედავად იმისა, თუ რა მტკიცებულებები დევს საქმეში, წინასწარ არის ცნობილი, რომ დაკავებული მურჯიკნელი დანაშაულს არც ერთი მიმართულებით არ აღიარებს და დოდო გუგეშაშვილთან, ან მის შვილთან ნაცნობობას საერთოდ უარყოფს.

ადვოკატების ინფორმაციით, მურჯიკნელი მიმალვაში არ ყოფილა და გამომძიებლებს ის ამ წლების განმავლობაში არც ერთხელ არ დაუკითხავთ.

საქმის დეტალებს არ იცნობს არც დაზარალებულის მხარე. ახლა მთავარი კითხვაა ამოიცნობს თუ არა, დოდო გუგეშაშვილი ზაზა მურჯიკნელში, იმ პირს, რომელმაც შვილი მოუკლა და მასაც თავს დაესხა. მით უმეტეს, რომ მკვლელი გუგეშაშვილს პირისპირ ჰყავს ნანახი.

დაკავებულის სახელი და გვარი, როგორც ადვოკატი ამბობს დაზარალებულს არ ეცნობა.

ზაზა მურჯიკნელის დაკავება გუშინ, "კურიერმა" ექსკლუზიურად გადაიღო. ის გამთენიისას გლდანში, საკუთარ საცხოვრებელთან აიყვანეს. უკვე დადასტურდა, რომ ბრალდებული ე.წ მუხროვანის ამბოხის მონაწილეც იყო და 2009 წლიდან ამ საქმეზე სასჯელს იხდიდა. ყოფილი ლეიტენანტი საპატიმროდან 2012 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. მურჯიკნელის აღიარებითი ჩვენება, სამხედრო ამბოხების საქმეზე თითქმის 11 წლის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

თავდასხმა გუგეშაშვილების ოჯახზე 2018 წლის 7 თებერვალს მოხდა. მძიმედ დაიჭრა დოდო გუგეშაშვილი, მისი შვილი კი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარიდან მალევე გავრცელდა დანაშაულის რამდენიმე ვერსია. გუგეშაშვილი დღესაც ამბობს, რომ ეს შეკვეთილი მკვლელობა იყო და მურჯიკნელის დაკავების შემდეგაც დამკვეთის გამოვლენას ითხოვს.

დღის ამბები