19 აპრილი 2024,   15:39
ვრცლად
მე არ ვარ დამნაშავე, არანაირ შემხებლობაში არ ვარ ამ საქმესთან - ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის, მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დანაშაულთან რაიმე სახის კავშირსაც კატეგორიულად უარყოფს. "მე არ ვარ დამნაშვე, არანაირ შემხებლობაში არ ვარ ამ საქმესთნ" - ასე მიმართა ზურა მურჯიკნელმა მოსამართლეს პროცესის დაწყებამდე.

დანაშაულთან კავშირის უარყოფის და დაცვის მხარის არგუმენტების მიუხედავად, მოსამართლე კლიჩენკომ მურჯიკნელი პატიმრობაში დატოვა.

სასამართლო პროცესამდე მურჯიკნელს ბრალიც დაუმძიმდა ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეზე - 108-ე მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დანაშაულის დაფარვის მიზნით, განზრახ მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენას გულისხმობს. პარალელურად დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლითაც მიმდინარეობს.

ბრალის დამძიმებას არ ეთანხმებიან და ზაზა მურჯიკნელის უდანაშაულობაზე საუბრობენ მისი ინტერესების დამცველები. ადვოკატები გაუთქმელობის ხელწერილის გამო დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ საქმეში დაკავებულის წინააღმდეგ არასაკმარისი მტკიცებულებებია.

საპირისპირო არგუმენტები აქვს სახელმწიფო ბრალდებას. ვიდეომტკიცებულებები, სატელეფონო საუბრები, ჩანაწერები მურჯიკნელის გადაადგილებასთან დაკავშირებით, მოწმეთა ჩვენებები და ექსპერტიზის პასუხები - ეს ის მასალებია, რაც, პროკურორის თქმით, საქმეში დევს და რის საფუძველზეც ბრალდებული სამართალდამცველებმა დააკავეს. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, თუმცა მძიმე დანაშაულის ჩადენის ზუსტი მოტივი ამ დროისთვის ისევ უცნობია.

დაკავებულის უდანაშაულობის არ სჯერა დაზარალებულის მხარეს. დოდო გუგეშაშვილი ამ ეტაპზე კამერებთან არ საუბრობს.  მისი ინტერესების დამცველი ამბობს, რომ არსებული მტკიცებულებებით ზაზა მურჯიკნელის მიერ დანაშაულის ჩადენა დგინდება. ამასთან, გელა ნიკოლაიშვილის განმარტებით, საგამოძიებო პროცესის დეტალებზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც საქმის მასალებს სრულად გაეცნობა. მანამდე კი, უკვე ცნობილია, რომ დაკავებული მურჯიკნელი თავად დოდო გუგეშაშვილმა ფოტორობოტის მეშვეობით ამოიცნო. გავრცელებული ინფორმაციით, ამოცნობის პროცედურაზე დაკავებული უარს ამბობდა.

თავდასხმა დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე 2018 წლის 7 თებერვალს მოხდა. მძიმედ დაიჭრა თადარიგის პოლკოვნიკი, მისი შვილი კი ადგილზე გარდაიცვალა. ვრცელდებოდა არაერთი ვერსია, მათ შორის შეკვეთილ მკვლელობაზეც. გუგეშაშვილი ამბობს, რომ უნდა დადგინდეს სავარაუდო შემკვეთის ვინაობაც.

არსებობს თუ არა დანაშაულის მკვლელობის შემკვეთი, ამას ძიება დაადგენს. მანამდე კი გამოძიებას მხოლოდ ზაზა მურჯიკნელი ჰყავს დაკავებული. სამართალდამცველებმა ის ორი დღის წინ გლდანში აიყვანეს.

"კურიერმა" ექსკლუზიურად გადაიღო კადრები, სადაც დაკავებამდე ავტომობილის ჩხრეკა და მისთვის ბრალის წარდგენაა ასახული. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული ე.წ. მუხროვანის ამბოხის მონაწილეც იყო და ის 2009 წლიდან 2012 წლამდე, საყოველთაო ამნისტიამდე, იხდიდა სასჯელს, შემდეგ კი პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები