საპროკურორო საბჭოს ერთ-ერთი წევრის, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის ოთარ კახიძის განცხადებით, გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებას, გარდა ყოფილი გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა, არ დაესწრება.
ოთარ კახიძე საპროკურორო საბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილის "მორიგ სპექტაკლს" უწოდებს.
"ივანიშვილის პროკურატურაში იწყება მორიგი სპექტაკლი, წარმოდგენა, თითქოს დამოუკიდებელი საპროკურორო საბჭო ირჩევს გენერალური პროკურორობის კანდიდატს. სინამდვილეში, კანდიდატს ირჩევს პირადად ბიძინა ივანიშვილი. მე ამ წარმოდგენაში მონაწილეობის მიღებას ნამდვილად არ ვაპირებ.
რაც შეეხება ირაკლი შოთაძეს, რომელსაც მოუწევს პასუხების გაცემა იმ კითხვებზე, რომელიც აქვს საზოგადოებას, აუცილებლად დავესწრები ამ სხდომას და ამ კითხვებსაც მასთან დავსვამ. პროკურატურა არის სადამსჯელო ინსტრუმენტი ივანიშვილის ხელში, რომელსაც იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.
მთავარი, რა თქმა უნდა, არის ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე და კონკრეტული მთავარი პროკურორის ხელმძღვანელობით მოხდა ეს ყველაფერი,"- განაცხადა ოთარ კახიძემ.
გენერალური პროკურორობის კანდიდატების ინდივიდუალური მოსმენა დაიწყო. საპროკურორო საბჭო დღეს მთავარი მბრალდებლის სტატუსისთვის ორ კანდიდატს გაესაუბრება. ვიქტორ ახალბედაშვილის და პაატა გაბელაიას მოსმენა მთავარ პორკურატურასთან აქციების ფონზე მიმდინარეობს. გასაუბრება ყველა პირთან ინდივილუალურად ჩატარდება და პროცესი საჯარო იქნება. სულ წარდგენილი 17 პირიდან ამ დროისთვის 16 მსურველია, რადგან ერთმა კანდიდატურა ირაკლი შოთაძის სასარგებლოდ მოხსნა.