21 დეკემბერი 2024,   19:04
ვრცლად
ბრიტანელ მოგზაურს, რომელსაც თბილისში ველოსიპედი მოჰპარეს, საჩუქრად ახალი ველოსიპედი გადაეცა

ბრიტანელ მოგზაურს, როან კემბელს, რომელსაც თბილისში ველოსიპედი მოპარეს,​ ერთ-ერთმა ველოკომპანიამ საჩუქრად ახალი ველოსიპედი გადასცა. 

ველოსიპედთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ მსოფლიოს გარშემო მოგზაურ ტურისტთან შეხვედრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინიციატივით შედგა.

სასტუმროებისა და ველოკომპანიის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს, უცხოელ მოგზაურს სხვადასხვა საჩუქარი გადასცენ და ამ ჟესტით ქართული სტუმარმასპინძლობა გამოხატონ - მან საჩუქრად სამთო კურორტის 2 დღიანი საგზური და ქართული კერძების მასტერკლასიც მიიღო.

"დღეს ჩვენ შევხვდით ბრიტანელ ტურისტს, ამ შეხვედრას ესწრებოდა ყველა ის ადამიანი, რომელმაც გამოხატა სურვილი სხვადასხვა სახის საჩუქარი გაუკეთოს მოგზაურს, ეს არის ველოსიპედის ჩუქების მზადყოფნა, ასევე თბილისსა და გუდაურში რამდენიმე ღამით სასტუმროში განთავსება, ქართული ვახშამი და ა.შ. 
ჩვენთვის მთავარი იყო ველომოგზაურისთვის შეგვექმნა ის პოზიტიური განწყობა, რომელიც მუდმივად ექმნებათ ტურისტებს, როდესაც საქართველოში მოგზაურობენ და რა თქმა უნდა, შეხვედრის მიზანიც იყო კიდევ უფრო მეტად წამოგვეწია ქართული სტუმარმასპინძლობა და სტუმართმოყვარეობა, რომელიც ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილია," - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს შევხვდი სახელმწიფოს წარმომადგენლებს, მნიშვნელოვან პირებს. ძალიან მოხარული ვარ იმ ყურადღებით, რომელიც მათ გამოხატეს. 
ქართულმა სტუმართმოყვარეობამ დაამტკიცა, რომ ის უმაღლესი დონის არის, მე ვიცოდი, რომ ქართველები მეგობრულები არიან, მაგრამ ჩემ მიმართ გამოხატულმა ყურადღებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა,“-აცხადებს როან კემბელი.

ბრიტანელი მოგზაური სინგაპურიდან საქართველოში ჩამოვიდა. ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობის შემდეგ ველომრბოლელი მოგზაურობას დიდ ბრიტანეთში გააგრძელებს. ველოსიპედისტმა 11 ქვეყანა მოიარა და 7500 კმ უკვე დაფარა.

ამავე თემაზე
დღის ამბები