18 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
ბათუმში მყოფი ჩინელი ტურისტების მასალას ლუგარის ლაბორატორიაში გამოიკვლევენ - მინისტრის მოადგილე კორონავირუსს უარყოფს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე ირწმუნება, რომ ბათუმში ჩამოსული 2 ჩინელი ტურისტი, პრაქტიკულად ჯანმრთელია. ნინო ნიჟარაძის თქმით, ტურისტების ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიას გადაეცა კორონავირუსსა და სხვა რესპირატორულ ვირუსებზე კვლევისთვის, რომლის პირველადი შედეგები ხვალ გახდება ცნობილი. 

"ჩინეთიდან ჩამოსულ ორ ტურისტს, რომლებიც შემოვიდა ქალაქ ბათუმში გუშინ, აღენიშნებოდა მსუბუქი გაციებისათვის დამახასიათებელი ნიშნები, კერძოდ: ჰქონდათ 37 გრადუსი ტემპერატურის ცხელება. სხვა რაიმე ნიშანს ისინი არ უჩიოდნენ. ჩვენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შევამოწმეთ ორჯერ, ზედმეტი სიმშვიდისთვის და შესაბამისი ლაბორატორიული კვლევისათვის ბიოლოგიური მასალა ავიღეთ. სხვადასხვა კორონავირუსზე და სხვა რესპირატორულ ვირუსებზე ლაბორატორიული კვლევის პირველადი შედეგები ხვალ გვეცოდინება. ორივე პაციენტი, პრაქტიკულად, ჯანმრთელია, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არანაირი საფრთხის შემცველი აქ არაფერია,"- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ჩინელი ტურისტები, რომლებიც ბათუმში გუშინ ჩამოვიდნენ, დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. 

"სერიოზული მიდევნებითი სამუშაოები მიმდინარეობს ჩამოსულ ჩინელებზე. გუშინ ასეთი შემთხვევა იყო ბათუმში, სადაც ორ ჩინელზე მიმდინარეობს დაკვირვება. ავიღეთ მათგან ნაცხები და ისინი ლუგარის ლაბორატორიაში გაიტესტებიან ყველა ტიპის ე.წ. კორონავირუსზე, რაც დღეს ჩვენს შესაძლებლობებშია. კლინიკა იქ არ იყო გამოხატული, იყო მხოლოდ 37 გრადუსი ტემპერატურა. მიმდინარეობს ყველა ჩამოსულის თერმოსკრინინგი და თუ იქ ფიქსირდება 38 გრადუსი ან მეტი ტემპერატურა, იმ ადამიანს ნახულობს იქვე, აეროპორტის ნეიტრალურ ზონაში ეპიდემიოლოგი, ასევე, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმი,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში გუშინ ჩამოსული ჩინეთის 2 მოქალაქე იმ რეგიონიდან არიან, სადაც კორონავირუსია გავრცელებული. მათ 37 გრადუსი ტემპერატურა და მსუბუქი გაცივების სიმპტომები აქვთ.

დღის ამბები