12 სექტემბერი 2026,   01:38
ვრცლად
ილია ჯიშკარიანის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს ბრალდების მოწმეების გამოკითხვით განახლდება

თბილისის საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს ბრალდების მოწმეების გამოკითხვით განახლდება.

დაზარალებული თამთა თოდაძის ადვოკატის თამუნა ლუკავას განცხადებით, წარმოდგენილი მტკიცებულებები ილია ჯიშკარიანის წინააღმდეგაა მიმართული.

"სასამართლო სხდომაზე ილია ჯიშკარიანის ბიუროს ორი თანამშრომელი დაიკითხება. საქმეში არ დევს მტკიცებულებები, რომელიც ილია ჯიშკარიანის უდანაშაულობას დაადასტურებს," - განაცხადა თამუნა ლუკავამ.

ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი კი ამტკიცებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას არ ადასტურებს.

"ძლიერი პოზიცია მაქვს. თამთა თოდაძის და მასთან დაკავშირებული პირების სიცრუეს და პოლიტიკურ მიზნებს გამოვავლენ," - აღნიშნა მარიამ კუბლაშვილმა.

ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. გარდა ამისა, მას იმ თანამშრომლებთან კომუნიკაცია აეკრძალა, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.

დღის ამბები