სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტებმა ჩხოროწყუში, მაჟორიტარ გოგა გულორდავას ბიუროში, აქცია გამართეს. მათ ადგილზე პარლამენტის წევრი, ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსი ჯუმბერ იზორიაც დახვდა.
აქტივისტები ბიუროს შენობაში შევიდნენ, სადაც ხმაური და დაპირისპირება გაგრძელდა.
აქტივისტებს ადგილზე ტრანსფარანტები ჰქონდათ მიტანილი, შინაარსით - "პოლიციელს ვერ დაამცირებთ", "ჩვენც იზორიები ვართ, ვერ დაგვაკავებთ". "შეცვალეს" წევრებმა შენობაზე წარწერა "მონა" დატოვეს.
აქტივისტებმა ჯუმბერ იზორია კონტრაბანდული სიგარეტის გადმოტანაშიც დაადანაშაულეს.
"2012 წლის შემდეგ ჩხოროწყუ იზორიების საფეოდალო გახდა. თუ ამ კლანის წარმომომადგენელი ხარ, ან ამ კლანთან გაქვს კავშირი, ჩვეულებრივად შეგიძლია ივაჭრო კონტრაბანდული სიგარეტით," - განაცხადა "შეცვალეს" აქტივისტმა.
თავის მხრივ, ჯუმბერ იზორიამ ინციდენტს პროვოკაცია უწოდა. აქტივისტებმა ჩხოროწყუ დაპირისპირების შემდეგ დატოვეს.