21 დეკემბერი 2024,   16:19
ვრცლად
სამი "ოცნებიდან", ერთი "ნაციონალებიდან" - საკრებულოს ჩხუბის მონაწილეებს სასამართლომ გირაო შეუფარდა

სამი "ოცნებიდან", ერთი "ნაციონალებიდან" - საკრებულოს ჩხუბის მონაწილეებს დღეს სასამართლომ გირაო შეუფარდა.

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ბრალი ჯგუფურ ძალადობაში ედებათ.

ლევან ხაბეიშვილს, რომელსაც თვალი კვლავ ჩალურჯებული აქვს, ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ამბობს, რომ დაზარალებულის სტატუსის მიღების ნაცვლად, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებულად ცნეს. პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილი 24 იანვარს საკრებულოს დერეფანში მომხდარ ინციდენტში ცნო დამნაშავედ. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში ბრალის გასაცნობად ადვოკატთან და ოპოზიციის ლიდერებთან ერთად მივიდა. 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბრალდების პოზიციას იზიარებს. ირაკლი ზარქუას თქმით, ხაბეიშვილი მას საკრებულოს დერეფანში ფიზიკურად გაუსწორდა. 

ბრალი წარედგინა ინციდენტში მონაწილე "ქართული ოცნების" საკრებულოს 3 დეპუტატსაც. ლევან ხაბეიშვილის ჯგუფურად ცემის ფაქტზე პროკურატურამ დამნაშავედ ალექსანდრე ხუჯაძე, ავთანდილ ცერცვაძე და თარაშ შურღაია ცნო. დეპუტატები მომხდარ ინციდენტში თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

ისევ ხმაურის ფონზე ჩატარდა საკრებულოში დღეს გაერთიანებული კომისიების სხდომაც, რომელზეც ლევან ხაბეიშვილმა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ანაზღაურების საკითხი დააყენა. უმრავლესობამ ოპონენტს პოლიტიკური წარსული შეახსენა. 

საკრებულოში დეპუტატებს შორის ინციდენტი 24 იანვარს გაერთიანებული კომისიების სხდომაზე მოხდა. "ნაციონალური მოძრაობა" ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობას უცხადებს და დაპირისპირების ამსახველ მტკიცებულბებს და ვიდეომასალას ევროსაბჭოს თვითმმართველობის კონგრესს გადაუგზავნის. თავისი არგუმენტებით სამართლებრივ ბრძოლას აპირებს საკრებულოს უმრავლესობაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები