20 აპრილი 2024,   04:02
ვრცლად
ქუთაისის "ტორპედო" უმძიმეს ფინანსურ კრიზისშია - უკვე ერთი წელია ქუთაისის კლუბს სპონსორი არ ჰყავს

ქუთაისის "ტორპედო" უმძიმეს ფინანსურ კრიზისშია, უკვე ერთია წელია ქუთაისის კლუბს სპონსორი არ ჰყავს, სამწუხაროდ დღემდე ვერ ხერხდება ინვესტორის მოძიება. კლუბის ვალი 2 მილიონზე მეტ ლარს შეადგენს, თანხა ქუთაისურმა კლუბმა 3 თებერვლამდე უნდა დაფაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში "ტორპედოს" ეროვნული ლიგიდან მე-4 ლიგაში დაქვეითება ემუქრება.

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ტორპედოს გულშემატკივრებმა აქცია-პერფომანსი გამართეს. სტადიონის ტრიბუნაზე შეკრებილებმა, "ტორპედოს" ჰიმნი შეასრულეს და ამგვარად გამოუცხადეს სოლიდარობა კლუბში დარჩენილი მცირერიცხოვანი ფეხბურთელების ჯგუფს. იმ შემთხვევაში თუ არსებული ფინანსური კრიზისი უმოკლეს დროში არ გადაიჭრება, გულშემატკივრები სისტემატურ და მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

გუშინ გვიან ღამით კი, საგანგებო ბრიფინგი ქუთაისის ტორპედოს თანამშრომლებმა გამართეს, ისინი დახმარებისთვის სახელმწიფოს მიმართავენ, "ტორპედოს" თანამშრომლები კლუბის გადასარჩენად შიმშილობის დაწყებასაც არ გამორიცხავენ.

ფინანსური კრიზისი ქუთაისის კლუბში დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, ჩინელმა ინვესტორმა, რომელიც ნახევარი წლის მანძილზე აფინანსებდა ქართულ კლუბს, გაუგებარი მიზეზების გამო უარი განაცხადა ტორპედოსთან თანამშრომლობაზე. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ტორპედო ძირითადი შემადგენლობის უკლებლივ ყველა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა.

ამჟამად ტორპედო ქუთაისის მერიის ბალანსზეა, შესაბამისად მერია აწარმოებს მოლაპარაკებებს იტალიელ ინვესტორთან, ფაბიო მანინოსთან კლუბის გასხვისების თაობაზე. მოლაპარაკებები დაახლოებით ნახევარი წლის მანძილზე მიმდინარეობს, თუმცა მხარეები ვერ თანხმდებიან. იტალიელებმა სახელფასო დავალიანების გასტუმრებაზე თანხმობა განაცხადეს,თანხა დაახლოებით მილიონ 700 ათას ლარს შეადგენს. საბანკო დავალიანება კი მილიონ 200 ათასი ლარია, მის გასტუმრებაზე იტალიური კომპანია უარს აცხადებს. 

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლოა ტორპედომ ეროვნულ ჩემპიონატში ვეღარ იასპარეზოს, ქუთაისურმა კლუბმა არსებული დავალიანება 3 თებერვლამდე უნდა დაფაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად მე-4 ლიგაში ჩამოქვეითება ემუქრება. ქუთაისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

 

დღის ამბები