ლაგოდეხის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მგზავრებს კორონავირუსზე შემოწმება უტარდებათ.
ადგილზე იმყოფება ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოს საზღვარზე შემოსულ ყველა მგზავრს ამოწმებს.
ექიმის ნიკოლოზ ხატიაშვილის თქმით, მედიკოსები ლაგოდეხის საბაჟო გამშვებ პუნქტზე უკვე მეორე დღეა, რაც მგზავრთა მონიტორინგს ახორციელებენ, თუმცა ამ დრომდე ვირუსის სიმპტომი არ დაფიქსირებულა.
“მეორე დღეა აქ ვიმყოფები, მგზავრებს ვუსინჯავთ ტემპერატურას. ჯერ არცერთ მგზავრზე არ დაფიქსირებულა რაიმე საეჭვო გამოვლინება. შემოდიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, იყვნენ ჩინეთიდანაც, თუმცა არა იმ პროვინციიდან, სადაც ვირუსია გავრცელებული,"- განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.
მედიკოსების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ლაგოდეხის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ვირუსის სავარაუდო სიმპტომების მქონე მგზავრს დააფიქსირებენ, მას სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.