20 აპრილი 2024,   15:40
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობა მსოფლიოში და პანიკა საქართველოში - ხმოვანი გზავნილებით გავრცელებული ცრუ განგაში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ქვეყანა ისევ ე.წ. მწვანე ზონაშია, მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. მიზეზი სოციალური ქსელით გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინებებია, რომლებიც მომხმარებლებმა გუშინ მიიღეს. ფაქტს მალევე მოჰყვა უარყოფა ოფიციალური უწყებების მხრიდან და ის შეფასდა როგოც მოქალაქეების წინაშე ჩადენილი დანაშაული.

ამ დრომდე თბილისში როტერდამიდან ლაბორატორიულ დასკვნას ელოდებიან, რომ დაზუსტდეს რა ტიპის ვირუსი აქვთ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ დრომდე ინფექციურ საავადმყოფოში რჩებიან.

რაც შეეხებათ ჩინეთიდან ევაკუირებულ ადამიანებს, ისინი კარანტინის ორ კვირიან პერიოდს თურქეთში გაივლიან.

"დანაშაული ხალხის წინაშე" - ასე აფასებს კორონავირუსზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვუნული ცენტრი(NCDC). ყალბმა ხმოვანმა შეტყობინებამ მოსახლეობაში უსაფუძვლო პანიკა გამოიწვია. ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელება დაავადების პრევენციასა და პროფილაქტიკაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

კვლევებით, ახალი კორონავირუსის ნიშნები გამოირიცხა ჩინეთის იმ არასრულწლოვან მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუდაურიდან ჩამოიყვანეს. მათ H1N1 შტამი დაუდასტურდათ.

ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი მექანიზმი ქვეყანაში შემოსული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლია. სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ექიმები თურქეთიდან შემოსულ მგზავრებს ამოწმებენ. მედიკოსები ლაგოდეხის საბაჟო გამშვებ პუნქტში უკვე მეორე დღეა იმყოფებიან, თუმცა ამ დრომდე ვირუსის სიმპტომი არ დაფიქსირებულა.

სამედიცინო კონტროლია დაწესებული საქართველოს საჰაერო საზღვრებზეც. თბილისის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრებს თერმული სკრინინგით ამოწმებენ, ძირითადად რისკ-ჯგუფის წარმომადგენლებს.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი კი ენგურის ხიდზე გადამსვლელებს კორონავირუსზე ამოწმებს. "კურიერს" რესპონდენტები უყვებიან, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში გადამსვლელებისათვის შემოწმება სავალდებულოა.

ვირუსის ეპიცენტრში, ქალაქ უხანში ამ დრომდე 4 ქართველი რჩება. 2 ქალაქის დატოვებაზე უარს ამბობს, ორს კი უახლოეს მომავალში საფრანგეთში გადაიყვანენ, სადაც საკარანტინო რეჟიმში 14 დღის განმავლობაში იქნებიან. უხანის დატოვებას არ აპირებს მარი შენგელია, რომელიც ეპიდემიის ეპიცენტრში შვილებთან ერთადა იმყოფება.

კორონავირუსი ყოველდღიურად ახალ მასშტაბს იძენს. ვირუსი საქართველოში ამ დრომდე არ დაფიქსირებულა, ქვეყანა კვლავ დაბალი რისკის კატეგორიაში რჩება.

დღის ამბები