10 სექტემბერი 2026,   04:23
ვრცლად
"თიბისი ბანკის" დამფუძნებლები მოსამართლე გიორგი არევაძის საქმიდან აცილებას მოითხოვენ

მოსამართლე გიორგი არევაძის საქმიდან აცილებას ნიკა გვარამიას შემდეგ, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებიც ითხოვენ. ეს შუამდგომლობა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა დღევანდელ პროცესზე დააყენა. ამის მიზეზად კი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან სავარაუდო კავშირები სახელდება. დაცვის მხარე შიშობს, რომ მოსამართლე არევაძე გადაწყვეტილებებს სავარაუდო დანაშაულებზე სწორედ ხელისუფლების მაღალჩინოსნების მითითებით მიიღებს.

თავად მოსამართლე კავშირს პრემიერ-მინისტრთან გამორიცხავს და შესაბამისად ბრალდებები მისთვის არარეალურია.

სასამართლო პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობით დაიწყო. თავდაპირველად მათ მოითხოვეს სასამართლო პროცესის გადადება მანამ, სანამ პროკურატურა არ დააფიქსირებდა პოზიციას გიორგი არევაძისა და გიორგი გახარიას შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც მოსამართლემ პროცესზევე უპასუხა, რომ ეს იყო ტყუილი.

"ჩვენთვის ცნობილია რას ამბობდა ეს ხალხი გამოძიების ეტაპზე, დღესაც შესაბამისად მოლოდინი გვაქვს, რომ განსხვავებული არ იქნება. არც მაშინ ითქვა მათი მხრიდან რაიმე დანაშაულზე და არც დღეს არ იქნება ფულის გათეთრებაზე საუბარი. დღესაც ვისაუბრებთ კრედიტზე, დღესაც ვისაუბრებთ ინტერესთა კონფლიქტზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ჩვენი მოლოდინი დღეს არ იქნება საუბარი ფულის გათეთრებაზე ისე, როგორც არ ყოფილა აქამდე," - აცხადებს ადვოკატი კახა წერეთელი.

უფლებადამცველის ზვიად კორძაძის თქმით, დღეს გამოკითხული მოწმეების ჩვენებებით არაფერი არ შეიცვლება რადგან, პროკურატურის მიერ დაკითხულმა მოწმეებმა უკვე დაადასტურეს, რომ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია.

"როგორც აქამდე სხდომებზე არავითარი მტკიცებულება ამ მოწმეებს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ არ დაუდასტურებიათ მათ მიერ დანაშაულის ჩადენის, ასე იქნება დღესაც იმიტომ, რომ ფაქტობრივად უფრო ღირებული და მძიმე მოწმეები, რომლებიც ჰყავდა პროკურატურას უკვე დაკითხულია და მათ პირიქით დაადასტურეს, რომ არავითარ ფულის გათეთრებას არ ჰქონდა ადგილი," – განაცხადა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.

პროცესზე წარმოდგენილია ბრალდების მოწმეები. როგორც პროკურორმა "კურიერთან" ისაუბრა, დღეს ასევე დაიკითხებიან "თიბისი ბანკის" თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობას საკრედიტო კომიტეტების სხდომებში იღებდნენ. პროკურორის განცხადებით, ისინი დაადასტურებენ, რომ მათ არ იცოდნენ სესხის გაცემის მიზნობრიობა.

"დღეს ასევე წარმოდგენილი გვყავს ეროვნული ვალუტის მოქმედი თანამშრომლები, რომლებმაც შემოწმება ჩაატარეს 2008 წელს "თიბისი ბანკში". აღნიშნული მოწმეები დაადასტურებენ, რომ შემოწმების მიზანი არ იყო გაცემული სესხების შესწავლა, სწორედ ამიტომ მათთვის არ იყო ცნობილი ეს ინფორმაცია და იმ პერიოდში ამ სესხებთან მიმართებაში ბანკის მიმართ რაიმე სამართლიანი ღონისძიებები არ გატარებულა," - განაცხადა პროკურორმა სალომე ჩიქობავამ.

დღის ამბები